პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის თანახმად, ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ

ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ. ამ შემთხვევაში მშობლის გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მომზადა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონის პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

“ზოგადი განათლების შესახებ“ მოქმედი კანონით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდება.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს სასწავლო წლის დაწყების თარიღის - 15 სექტემბერის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს. სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხებიან.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება ექნება გააკეთოს არჩევანი 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს გააგრძელებინონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან პირველ კლასელებად დაარეგისტრირონ.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, სასკოლო ასაკის 1-ელ ნოემბრამდე გადაწევის შემთხვევაში, მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმუმ 4 800 ერთეულით გაიზრდება. შედეგად საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება 1.209.6 ათასი ლარის ოდენობით. ამას გარდა, საჭირო გახდება სკოლების აღჭურვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: - 4800 ბუკი მოსწავლეებისთვის და 200 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულება 573 ლარი - ბიუჯეტი 2,865.0 ათასი ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი - 192.0 ათასი ლარი და მერხი და სკამი – 657.6 ათასი ლარი.

კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის 2023 წელს აუცილებელი იქნება 4,924.2 ათასი ლარი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში