შანსები 50/50-ზეა - ეს რომ ტექნიკური გადაწყვეტილება იყოს, ჩვენ დეკემბერში 100%-ით ვიქნებით მზად კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ყოველთვის სუბიექტურია და დამოკიდებულია გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკურ პროცესებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პროგნოზის გაკეთება არ ღირს.
„ჩვენ კოლეგებს, რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, რაც 12 პუნქტის შესრულებას ეხება. ვისაუბრებთ ჩვენს როლზე, რა როლი შევასრულეთ, ასევე ოპოზიციის ჩართულობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორები იყვნენ ინფორმირებული ამ ყველაფერზე, რაც საბოლოო ჯამში, მოსაზრების ჩამოყალიბების შემდეგ კი კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი უნდა გახდეს. პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით თორმეტივე პუნქტს, ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ სესიის დასრულებამდე. აქედან გამომდინარე, ქვეყანა, ხელისუფლება ყველანაირად დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს დეკემბრის თვეში. შანსები 50/50-ზეა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ ტექნიკური გადაწყვეტილება იყოს, ჩვენ დეკემბერში 100%-ით ვიქნებით მზად კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ყოველთვის სუბიექტურია და დამოკიდებულია გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე პროგნოზის გაკეთება არ ღირს. საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად იქნება, თუმცა როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ევროპული საბჭოს თემაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება საქართველოს საკითხებზე ორივე მომხსენებელს, რომელთაც 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ინფორმაციას მიაწვდიან.
„შეხვედრა გვექნება ორივე მომხსენებელთან, სავარაუდოდ, ზეგ. ვესაუბრებით, როგორ ვითარდება ქვეყანაში პროცესები. ასევე ვიმსჯელებთ ანგარიშზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს. რამდენიმე შენიშვნა გვქონდა ამ ანგარიშთან დაკავშირებით და ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ ორივე მომხსენებელს“,- განაცხადა კობახიძემ.