მე დავინახე ძალიან დიდი არაკომპეტენტურობა. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ტყუილებს, - ამის შესახებ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქციაზე მხოლოდ პოლიტიკოსებს ხედავს, ხოლო დედებს და ბავშვებს ვერა.
„პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივ ტყუილებს საუბრობდა: თითქოს ტკივილებთან არ არის დაავადება დაკავშირებული, თითქოს ბავშვებს არ სჭირდებათ სასიცოცხლოდ წამალი და თქვა, რომ „ამ დედების გვერდით ვდგავართ“ მაშინ, როდესაც ეს დედები მის სამსახურთან ათენებენ, აღამებენ. კაბინეტიდან კი ნუ დგას გვერდით, ჩამოვიდეს და დაელაპარაკოს ამ დედებს, მოუსმინოს და მიხვდება რაშია საქმე, მაგრამ მათთან შეხვედრის ეშინია, კაბინეტში ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება.
მან რატომღაც ამ აქციაზე დაინახა რამდენიმე პოლიტიკოსი, მაგრამ ვერ დაინახა დედები და ვერ დაინახა ბავშვები. ამ ხალხმა დაიწყო არა აქციებით, არამედ წერილებით, თხოვნებით, შეხვედრებით. ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ პროცესი, რომლითაც გვინდოდა კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღება, არ გამოდის, არ უნდათ. ბავშვებს ამდენი დრო არ აქვთ, ამიტომ მიიღონ დროულად გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.