ყველა საგამოძიებო კომისია უნდა გაცოცხლდეს და რა თქმა უნდა, მათ შორის, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულიც, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბად გადაიქცა.
„ე.წ. ქოლ - ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩემი მხარდაჭერა ექნება. მე მქონდა საუბარი, მათ შორის, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში და მათ იციან ჩემი პოზიცია. ვფიქრობ, რომ ყველა საგამოძიებო კომისიის თემა უნდა გაცოცხლდეს. "კლანთან" დაკავშირებით რაც გააკეთეს აშკარაა, რომ გადაეფარნენ სასამართლო "კლანს", გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის გამო ჩააგდეს საპარლამენტო საქმიანობა და პარალიზება მოახდინეს პარლამენტის, ამიტომ ჩემი წარმოდგენით ყველა საგამოძიებო კომისია უნდა გაცოცხლდეს და რა თქმა უნდა, მათ შორის, ე.წ. ქოლ - ცენტრებთან დაკავშირებულიც. საქართველო გადაიქცა ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბად, წარმოუდგენელია. მე ასეთი მასშტაბები, რაზეც ახლა არის საუბარი არა მხოლოდ „ბიბისი-ს“ გამოძიებაში, არამედ შიდა მედია სივრცეს რომ გადავავლებთ თვალს, პრაქტიკულად ჩვენს ქვეყანაში ყვავის ორგანიზებული დანაშაული. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც ორგანიზებულად ფარავენ და მფარველობენ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ ჩვენ რასაც ვხედავთ ეს არის წარმოუდგენლად მძიმე მოცემულობა ქვეყანაში. 13 ათასზე მეტი ახალგაზრდა დასაქმებულია ორგანიზებულ დანაშაულში და ხელისუფლებამ, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს - თქვენ, მე და პარლამენტის, ოპოზიციის ყველა წევრს, როგორ არ იცის, რომ ამხელა ორგანიზებული დანაშაულის ქსელია?!. ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ უნდა დაუჭიროს ამ საგამოძიებო კომისიას მხარი“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ის ასევე, გამოეხმაურა მოსამართლეების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ გადაეფარა გირგვლიანის საქმის მოსამართლეებს - „ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებშიც კარგად გრძნობდნენ თავს“.
„ძალიან სამართლიანად აკრიტიკებდნენ მოქალაქეები წინა ხელისუფლებას სასამართლოს და მართლმსაჯულების გამო, რომელიც იყო სქემატურად დაქვემდებარებული, მათ შორის, სახელმწიფოს, ასევე ადამიანის უფლებების კონტექსტში ძალიან მძიმე საქმეებია, რომელიც პრაქტიკულად გახდა იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას დაყენების საკითხი და ამ კონტექსტში, როდესაც ღირსება და სამართალი იყო „ქართული ოცნების“ მთავარი დევიზი როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და ყველა ელოდებოდა სასამართლოს და პროკურატურის რეფორმას და პოლიტიზაციის მოხსნას, აღმოჩნდა, რომ მთავარი სიმბოლო „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულების სისტემის აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც იყო გირგვლიანის საქმის მოსამართლე. ამ კომისიის ჩაგდებამ საზოგადოებას აჩვენა, რომ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს - ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს წინა ხელისუფლების პირობებში ხელისუფლება გადაეფარა“, - განაცხადა დეკანოიძემ.