პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გადაწყვიტა მთავრობის მიერ სადეპუტატო კითხვებზე პასუხების გაუცემლობას დაცინვით უპასუხოს.
როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით, მთავრობის წევრი ვალდებულია დეპუტატის გაგზავნილ კითხვას პასუხი გასცეს, თუმცა ამას „ქართული ოცნების“ ზოგიერთ მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ანგარიშს არ უწევს.
გოცირიძის თქმით, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაუცემლობა, პირველ რიგში, პარლამენტის ხელმძღვანელობის დამცირებაა, ამიტომ მან ისეთ ხერხს მიმართა, როგორიცაა დაცინვა.
გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს ახალი სადეპუტატო შეკითხვა გაუგზავნა და მისგან პასუხს მეგრული ჯიშის თხისა და თუშური ცხვირს შეჯვარების საკითხზე ითხოვს.
„საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: როგორც ვიცით, მერინოსის ჯიშის ცხვარი, რომელიც ყველაზე მაღალპროდუქტიული წვრილფეხა თხოსანი საქონელია, მიღებული იქნა განსხვავებული ჯიშის ცხვრების შეჯვარების შედეგად. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს მეგრული ჯიშის თხის შეჯვარებას თუშური, ნახევრადდუმიანი ჯიშის ცხვართან და ქართულ თხაცხვარას გამოყვანას, პირობითი სახელით „ცხოცი“. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა დროში ვიხილავთ ამ მართლაც რომ საშვილიშვილო საქმის პირველ შედეგებს და ვინ არის ამ იდეის სამეცნიერო ავტორი და პრაქტიკული განმახორციელებელი?” - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გაგზავნილი სადეპუტატო შეკითხვაში.