ჰერმან საბო IRI-ის კვლევაზე - ყველაზე დიდი ვარდნა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ლოგიკურია, რომ მარტის აქციებს უკავშირდება

„ქართულ ოცნებას" რომ რეიტინგი შემცირებული აქვს იმის ფონზე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ევროკავშირი უნდა, ლოგიკურად ახსნადია "ქართული ოცნების" დამაზიანებელი მოქმედებებით, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა.

საბოს განცხადებით, პოლიტიკური რეიტინგები არჩევნების შედეგებს ზუსტად არ ემთხვევა, თუმცა, ამ კვლევების სიკეთე არის ის, რომ აჩვენებს ტრენდებს. ამასთან, მისივე თქმით, ზოგადად პარტიების მიმართ ნდობის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ზოგჯერ აცდენილია მოსახლეობის ინტერესებს.

„ყველაზე დიდი ვარდნა აქვს"ქართულ ოცნებას" , რომელიც ლოგიკურია, რომ მარტის აქციებს უკავშირდება. თითქმის 6 პროცენტიანი ვარდნა აქვს, ასეთი დაბალი რეიტინგი არასდროს ჰქონიათ, მარტის შემდეგაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც გამოასწორებდა მათ რეიტინგს. პირიქით, უფრო და უფრო მეტი ზიანი ადგებათ, იქნება ეს მოსამართლეთა დასანქცირება, "ქოლ - ცენტრების" ამბავი თუ სხვა. იმედი მაქვს, რაიმე აზრს გამოიტანენ აქედან ჩემი კოლეგები მმართველი პარტიიდან, რადგან დღე არ გავა რაიმე არ "აუფეთქდეთ".

ადამიანებისთვის ევროკავშირი არის კარგი ცხოვრების სინონიმი და ნებისმიერი რამე რაც მათ სურვილს და უკეთესი ცხოვრების წარმოსახვას შეეწინააღმდეგება, აისახება შემდეგ იმაში, რომ "ქართულ ოცნებას" რეიტინგი ასე გაუფუჭდა მას შემდეგ, რაც ყველაზე დამაზიანებელი რამ გააკეთეს (აგენტების შესახებ კანონის მიღება პირველი მოსმენით) და გვახსოვს შეფასებები, "ქართული დემოკრატიის შავი დღე" ეძახეს ჩვენმა მეგობრებმა ამას. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" რომ რეიტინგი შემცირებული აქვს იმის ფონზე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ევროკავშირი უნდა, ლოგიკურად ახსნადია „ქართული ოცნების" დამაზიანებელი მოქმედებებით,"- განაცხადა საბომ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% - „ნაციონალურ მოძრაობას“.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის დაასახელა“, 3%-მა კი - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ამასთან, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა: „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ანა დოლიძის „ ხალხისთვის“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“. გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას „კონსერვატიულ მოძრაობა - ალფ ინფოს“ მისცემდა, 1% - ელენე ხოშტარიას “დროას“, 1% - გიგა ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, 1% - „პატრიოტთა ალიანსს“, 1%-„ხალხის ძალას“, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 5% განაცხადა, რომ ხმას არავის არ მისცემს, 20 %-მა განაცხადა, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა