დღევანდელ კრიზისულ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება, ევროკავშირს აქვს საუკეთესო დრო იმ როლის და ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც ის შეიქმნა, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამად რაც ყველაზე მეტად სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით.
მისი თქმით, მას სჯერა ევროპის და დროა ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავის და საქართველოს მოსახლეობის.
,,დღევანდელ კრიზისულ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება, ევროკავშირს აქვს საუკეთესო დრო იმ როლის და ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც ის შეიქმნა: მდგრადი რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის შექმნისა და განმტკიცებისთვის. ევროკავშირს შეუძლია, დაიბრუნოს თავისი „რბილი ძალა“ სიმართლისა და მორალურობის მხარეს დგომით და იმ ღირებულებების განმტკიცებით, რომლებსაც განასახიერებს ეს ორგანიზაცია.
მჯერა, რომ ამისთვის სამი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი, ევროკავშირმა, როგორც თავად დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საყოველთაოდ ცნობილმა დამცველმა, უნდა ითანამშრომლოს სხვა დემოკრატიებთან. ევროკავშირს ბევრი რამ აქვს გასაზიარებელი - ევროკავშირის დამფუძნებელი მამების მიერ მის საძირკველში ჩადებული დემოკრატიული ღირებულებები; ის სიკეთეები, რომლითაც მისი მოქალაქეები სარგებლობენ და რაც ევროკავშირს მსოფლიო დონეზე ასე მიმზიდველს ხდის; და თავისუფლებისა და მშვიდობის სივრცე. სხვა პარტნიორ დემოკრატიებს ასევე ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი, მათ შორის, საქართველოს, რომელიც თავისუფლებისა და მშვიდობის, ევროპის იდენტობის სადარაჯოზე მდგომი ერთგული ოპტიმისტია; რომლის მრავალსაუკუნოვან კულტურას შეუძლია ევროპის გამდიდრება; და რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობისა და დემოკრატიზაციის ღირებული გამოცდილება გააჩნია.
მეორე, ევროპის სიძლიერე სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებებიდან უნდა მომდინარეობდეს. დეზინფორმაციასთან დეზინფორმაციით ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული. ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდებოდა ნამდვილ პროგრესულ ღირებულებებთან და თითქმის მეცნიერულ დონეზე დაფუძნებულ განვითარებასა და კეთილდღეობასთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია. დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამში, ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომლებიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება. ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა აძლიერებს დემოკრატიას, აღქმებზე დაფუძნებული კი ასუსტებს მას. თუ გვსურს საზოგადოების ნდობის შენარჩუნება, ჩვენმა, დემოკრატიული მმართველობის ინსტიტუტებმა, გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა უნდა გამოიყენონ.
და მესამე, ევროკავშირში წევრობის დაპირება განმტკიცებული უნდა იყოს მისი ინსტიტუტების თანმიმდევრული მიდგომით, რომელშიც ნაკლებად იქნება სუბიექტური და პარტიული ინტერესები. წევრობის დაპირება საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. წარმატებით ვნერგავთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. ამჟამად, რაც გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით.
მე მჯერა ევროპის. ჩემს თავისუფლების მოყვარე ერს ასევე სჯერა ევროპის. დროა, ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავის და სჯეროდეს ჩვენი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.