ეტყობა „გირჩის“ დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევას.
მისი შეფასებით, კვლევა ფაქტებს არ ეფუძნება.
"არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს "ნაციონალურ მოძრაობას." თუმცა, როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს ამ კვლევაში, ის ფაქტი მაინც ვერ დამალეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კერძოდ ჯარისა და პოლიციის მიმართ ჩვენი მოსახლეობის ნდობა არის ძალიან მაღალი," - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, მილიონი მოქალაქე ყველა არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" სტაბილურად უჭერს მხარს და ეს განპირობებულია ხელისუფლების პოლიტიკით. იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანას "ქართული ოცნების" დამსახურებით აქვს ყველა მნიშვნელოვანი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
"ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის უმთავრესი ამოცანა რაც გააჩნია ჩვენს გუნდს და ჩვენს მოსახლეობას. ეს გამყარებულია იმ გადაწყვეტილებებითაც, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო და ყველა მნიშვნელოვანი პროგრესი სწორედაც რომ "ქართული ოცნების" დამსახურებაა ჩვენს გუნდთან ერთად,"- განაცხადა იონათამიშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით კვლევაში დასმულ კითხვას, იონათამიშვილი პასუხობს, რომ უმჯობესი იქნებოდა მოსახლეობისთვის ეკითხათ, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე.
"უპრიანი იქნებოდა, დაესვათ კითხვა, მოსახლეობას მიაჩნია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და ვფიქრობ, საინტერესო პასუხებს მიიღებდნენ,"- განაცხადა იონათამიშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.
კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% - „ნაციონალურ მოძრაობას“.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის დაასახელა“, 3%-მა კი - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ამასთან, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა: „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ანა დოლიძის „ ხალხისთვის“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“. გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას „კონსერვატიულ მოძრაობა - ალფ ინფოს“ მისცემდა, 1% - ელენე ხოშტარიას “დროას“, 1% - გიგა ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, 1% - „პატრიოტთა ალიანსს“, 1%-„ხალხის ძალას“, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 5% განაცხადა, რომ ხმას არავის არ მისცემს, 20 %-მა განაცხადა, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას.
ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.