ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციით არჩევნებზე გავლენა არ დავუშვათ, განცხადებები კი, რაც კეზერაშვილმა გააკეთა, სწორედ პოლიტიკურ კორუფციაზე მიუთითებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა.
მისი თქმით, მცდელობაა, რომ საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაბნეულობა იყოს.
„არის მცდელობები, რომ საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტი დაბნეულობა იყოს. ყოველ დღე ახალ-ახალ დეტალებს, მინი-სკანდალებს ვხედავთ. რეალურად, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რაც ამ ისტორიას უკავშირდება. მთავარი არის ის, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე, მხილებულია საერთაშორისო თაღლითური ორგანიზებული დანაშაულის საქმეში როგორც ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი. ამაზე გამოძიება ჩაატარეს პარტნიორებმაც და ჩვენმა სამართალდამცველებმაც, ახლა კი BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება. ეს ადამიანი, მისივე განცხადებით, საქართველოში აფინანსებს ოპოზიციას, ტელევიზიას და არაფორმალურ კავშირში იმყოფება სხვა ინტერესთა ჯგუფებთან, ესაა ამ ამბის მთავარი სათაური. სხვა ყველაფერი, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად, გადაძახილებს ამ საქმეზე თუ ახალ-ახალ ინფორმაციებს, სამართალდამცველებმა უნდა შეკრიბონ და გამოიყენებენ, რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდეს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.