IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ვენდობი - ამგვარი კვლევისა და არჩევნების შედეგები როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი გამოქვეყნებულ პროცენტებს „ხბორული აღფრთოვანებით და აღტყინებით ხვდება“, მაგრამ არჩევნებზე განსხვავებული შედეგები დგება, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
„ამგვარი კვლევების მიმართ ჩვენი განწყობა იცით. ჩვენ ამ კვლევებს მრავალი მიზეზის გამო არ ვენდობით. მრავალი წელია კვლევებს, მათ შორის IRI-ის კვლევებს ვაკვირდები და შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების რეალური შედეგები და მათ მიერ დაწერილი პროცენტები როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება. IRI-ის პირველი კვლევა 2007 წელს გამოქვეყნდა, რომელიც უპრეცედენტოდ და უმაგალითოდ იყო გაყალბებული. ოპოზიციას 14% დაუწერეს, ხოლო არჩევნებში იმ გაუკუღმართებული ცესკოს მონაცემებით, ლევან გაჩეჩილაძემ 30%-ზე მეტი აიღო. ამგვარი კვლევების მიმართ არანაირი ნდობა არ გამაჩნია და არც დღევანდელი კვლევაა გამონაკლისი. მე რომ გამოქვეყნებულ პროცენტებს და კვლევის ტენდენციებს ჩავუღრმავდე, ეს ნიშნავს, რომ კვლევას უნდა ვენდო, მაგრამ მე მას არ ვენდობი!" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ცაგარეიშვილმა.