IRI-ის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების" მთელი ნარატივი თავდაყირა დგას - კვლევა აჩვენებს, რომ მმართველი პარტიის პროპაგანდა არ მუშაობს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.
მისივე თქმით, ხვალ რომ პარლამენტის არჩევნები ტარდებოდეს და ეს განწყობა მთელს მოსახლეობას ჰქონდეს, "ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავა.
„IRI-ის კვლევის შედეგებმა სამი მთავარი საკითხი გამოკვეთა. ერთია ის, რომ დასავლურ ვექტორს მოსახლეობის 89% უჭერს მხარს, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ განწყობები მოსახლეობაში მატულობს. იმავდროულად მნიშვნელოვანია რეიტინგი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს. აქ გამოკვეთილია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დაბალი მხარდაჭერა, ისევე როგორიც ამ ორი პარტიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ჯამში კი გაზრდილია მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური პარტიებისადმი.
მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებს შორის მეორე ადგილზე ოკუპირებული რეგიონების საკითხი დაბრუნდა, რაც პოლიტიკოსებისთვის ბიძგის მიმცემია, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტი პოლიტიკურ დღის წესრიგში იყოს და ამ მიმართულებით ხედვები არსებობდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია მოთხოვნა ახალგაზრდებზე", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.