მგონი რაღაც აერიათ ოთახში, სადაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ, - ასე ეხმაურება IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, IRI-ის კვლევის მიმართ დასაბუთებული უნდობლობა გააჩნია.
"2012 წლიდან მოყოლებული ერთი და იგივე კითხვა ისმის, ერთი და იგივე პასუხით. შედეგები კი აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რასაც IRI თუ NDI აქვეყნებენ. სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ, ცდილობენ, რომ ასეთი კვლევებით წელიწადში რამდენჯერმე თავი შეირცხვინონ - კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში არჩევნები რომ ჩატარდეს, კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ პოლიტიკურ კოალიციას გარკვეული შანსები გააჩნია. გარდა ამისა, კვლევა ამბობს, რომ სასამართლოს გაცილებით უფრო მეტი არ ენდობა, ვიდრე ენდობა, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ 1%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო ქვეყანას რაიმე პრობლემას უქმნის.
ბევრი საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ ეს ის კვლევა არ არის, რასაც კვლევა ჰქვია და მას ოდესმე გაემართლებინოს.
თქვენ თუ გაინტერესებთ ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს - ბიძინა ივანიშვილს თუ ელენე ხოშტარიას, ჩემი აზრით, ივანიშვილს მეტი რეიტინგი აქვს და საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ისე, რომ არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.