„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს შეხვდება.
მისი თქმით, პრემიერის ვალდებულებაა, მშობლებს მოუსმინოს.
ნაცვლიშვილი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, იმ უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციისკენ, სადაც პრეპარატ „ვოსორიდიტს” ავტორიზაცია მიენიჭა.
“კარგი იქნება თუ პრემიერი შეხვდება მშობლებს. პრემიერსაც ვურჩევდი, რომ მშობლებს შეხვდეს და მოუსმინოს მათ. ეს არის მისი ვალდებულება.
ამ საკითხზე კომპეტენტური მოსაზრება მეცნიერებას დაფიქსირებული აქვს. ეს წამალი ავტორიზებულია აშშ-ის სამედიცინო ორგანიზაციების მიერ. წამალი ავტორიზებულია ევროკავშირის სამედიცინო ორგანიზაციების მიერ. წამალი ავტორიზებულია ბრაზილიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში… მე არ ვაპირებ ქართველ ექიმებთან პოლემიკას. კარგი იქნება თუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები პროფესიულ კომუნიკაციას დაამყარებენ თავიანთ უცხოელ კოლეგებთან, სადაც ამ წამალს ავტორიზაცია მიანიჭეს. ვფიქრობ, მათი მხრიდან ეს იქნებოდა კონსტრუქციული ნაბიჯი, ვიდრე მშობლებთან პოლემიკაში შესვლა”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.