არსებობს კითხვები, რომელიც უპასუხოდაა, მართლა როგორ შეიძლებოდა „ქოცებს“ დაჰკლებოდა და „ნაცებს“ მომატებოდა რეიტინგი?, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ IRI-ის ახალ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხვიჩია განმარტავს, ვიდრე კვლევასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ის რეპუტაციული ვერასდროს იქნება.
„ამ რეიტინგებში ძალიან საინტერესოა ის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით რომ ვითარდება, ამას მოსახლეობის 62% ფიქრობს, იგივე ფიქრობდა 2022 წლის სექტემბერში და იგივე 2021 წლის ივნისში. 2016-2019 წლებში უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ უცნაურია, 6%-ით დავარდა მმართველი პარტიის რეიტინგი და არ იცვლება იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება.
ამ ქვეყანაში 26% რომ ჰქონდათ „ქოცებს“ რეიტინგი, მაშინაც 62% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ახლაც, როცა 6%-ით დაუვარდათ, ისევ 62% ფიქრობს. ეს ხომ არასწორია? არ შეიძლება ამ კვლევაზე ასე აყოლა, ნეტა მართლა სანდო იყოს, ამაზე გესაუბრებით.
მეორე პრობლემას გეტყვით, თქვენ კი ფიქრობთ, რომ ჯანსაღებმა გადაგვასწრეს - („გირჩი -მეტი თავისუფლება“ - ჯანსაღი „გირჩი“ ვართო, ასე თქვეს, როცა გაიყვნენ და სიმარტივისთვის ასე ვეძახით). ამავე კვლევის მიხედვით, ჩვენ ხომ 2% გვქონდა, ვაშაძეს თუ არ ვცდები, ჩვენზე ნაკლები აქვს, ჩვენს ქვემოთ წერია, ვაშაძის პარტიიდან პარლამენტში 2 კაცია გაზომილი, როცა ინდივიდუალური რეიტინგი ხდება, ჩვენი პარტიიდან - არც ერთია, ეს პირველი შემთხვევა არაა, ჩვენი პარტიის არცერთი პოლიტიკოსი არ გაუზომავთ. ამაზე მიწერილი გვაქვს, საჯაროდ ვსაუბრობთ, იციან, რომ ჩვენ ამაზე პრეტენზია გვაქვს. იციან, რომ მათი იდეოლოგიური მტერი ვართ, რა მავნებლობებიც უნდათ, იმას ჩვენ ვაკრიტიკებთ, მათ შორის, როცა ისინი დასავლეთის სახელით მავნებლობას აკეთებენ, თორემ ჩემზე და ჩემ პარტიაზე დიდი გულშემატკივარი დასავლეთს ამ ქვეყანაში არ ჰყავს. ამის გამო, ეს ხალხი გვებრძვის.
როცა ინდივიდუალურ პოლიტიკოსებზეა საუბარი, ჩამოთვლილია ხალხი, მათ დიდ ნაწილს ჩვენზე დაბალი რეიტინგი აქვს, ამის მიუხედავად არც ერთი ჩვენგანის შეყვანა ამ სიაში არ მოხდა. ეს ხომ იმას მაფიქრებინებს, რომ ჩემ მიმართ ეს კვლევა ობიექტური არ არის, როცა ჩემ მიმართ ეს კვლევა ობიექტური არ არის, რატომ დავიჯერო, რომ „ქოცების“ მიმართ ობიექტურია ეს კვლევა. არ შეიძლება „ქოცებს“ ასე ებრძოდნენ? ამიტომ არის მნიშვნელოვანი, კვლევა სანდო იყოს... აბა რა არის, გაყალბებული თუ არ არის, როცა საერთოდ არ ვარ? მათივე კვლევაში 2% აღებული ხომ მაქვს? როცა ვიღაც რეკავს და პარტიებს უთვლის, იქ „გირჩს“ რომ არ უხსენებენ, პოლიტიკოსი რომ საერთოდ არ არის „გირჩიდან“, ასე რომ ტარდება კვლევა, გაყალბებული რანაირად არაა ჩემთან მიმართებაში? თუ ობიექტურობაზე აცხადებთ პრეტენზიას, რატომ არ გვზომავთ ჩვენ? მერე ჩემი დასაცავი რომ არის „ქოცებისგან“ ამ კვლევების ობიექტურობა, მე როგორ დავიცვა, როცა „ქოცი“ მეტყვის, შენ არც გაუზომიხარო.
„ქოცებს“ ხომ დააკლდათ 6%? რაც კვლევის ავტორების აზრით, „ნაცებს“ დაემატათ. ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ „ქოცებს“ გამოაკლდეს 6%, რაც სინამდვილეში შეიძლება 15%-ზე მეტი იყოს, „ნაცებს“ ხომ ვერ დაემატებოდათ? რეიტინგი არ მოგვმატებია ჩვენ, ალეკო ელისაშვილს, გიორგი გახარიას, გიორგი ვაშაძეს და „ხალხის ძალას“. ეს რეიტინგი პირდაპირ დაუწერეს „ნაცებს“. არსებობს კითხვები, რომელიც უპასუხოდაა, მართლა როგორ შეიძლებოდა „ქოცებს“ დაჰკლებოდათ და „ნაცებს“ მომატებოდათ? 2% აქვს ვაშაძეს და 4 კაცია გაზომილი, 3-კაციანი პარტიიდან... სანამ ასეთი კითხვები იარსებებს, მანამდე, ჩემი აზრით, ეს კვლევები რეპუტაციული ვერ იქნება, პირიქით, ეს კვლევები შინაარსობრივად საქმეს აფუჭებს.
თუ არ ვცდები, სასამართლოს ნდობას 39% აქვს, „ქოცებს“ თუ რამე რეიტინგი შეიძლება რეალური ჰქონდეს, ეს არის „ქოცების“ რეალური რეიტინგი, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი რაც „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა, 39%-ია“, - განაცხადა ხვიჩიამ.