ეს არის ნონსენსი, ლოგიკა გაუმართავია, ამაზე დიდხანს მოცდენა არ ღირს, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან თამარ კორძაიას განცხადებას ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და მამუკა მდინარაძის სანქცირების თაობაზე.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, სარჯველაძე აცხადებს, რომ პარლამენტი არ არის რომელიმე საგამოძიებო სტრუქტურის ალტერნატივა.
"საგამოძიებო პროცედურების წარმართვა სწორედ საგამოძიებო სტრუქტურების მოვალეობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფუნქციის დუბლირება მოხდეს და პარლამენტი ვაქციოთ საგამოძიებო სტრუქტურად. საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს კონკრეტული წესი და არ მგონია კრიტერიუმად გამოდგებოდეს ის, რომ თუნდაც ოპოზიცია მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე მიუთითებს და ყველა საგამოძიებო ფუნქცია წამოიღოს პარლამენტმა," - განაცხადა სარჯველაძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უნდა გახდნენ დასანქცირების პრეტენდენტი, რადგან ისინი პარალიზებას უკეთებენ საპარლამენტო საქმიანობას და ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ „კლანი“ არის ერთიანი და სასამართლო „კლანი“ ცალკე არ არსებობს.