პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დღეს არის დაბნეული და ერთიანი არ არის. მან „ინტერპრესნიუსთან“ IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა პარტიას ამომრჩევლის მხარდაჭერის პრობლემა აქვს.
ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ წვრილი პარტიები უნდა დაჯგუფდნენ და მათ ამისთვის არჩევნებამდე დრო ჯერ კიდევ აქვთ.
„ეს გამოკითხვები ჩემთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ისინი აღნიშნავენ ტენდენციას და არა ზუსტ პროცენტულ მონაცემებს. თუ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, გასაგებია, რომ პირველ ადგილზე იქნება „ქართული ოცნება“. სახელისუფლებო გუნდია და ამასთანავე, ოპოზიციას მაინც და მაინც დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში არ აქვს. სწორედ ამის გამო, მეორე ადგილზე რა თქმა უნდა, იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეხება დანარჩენ პარტიებს, იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად არის ტენდენციები შენარჩუნებული. ოპოზიცია დღეს არის დაბნეული, არათუ ერთიანი არ არის, ამ ორი პარტიის გარდა, ყველას აქვს ამომრჩევლის პრობლემა, ანუ, ბარიერის. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გაითვალისწინონ პარტიათა ხელმძღვანელებმა და შემდგომი არჩევნებისთვის მათ შეძლონ შესაბამისი ხმების მიღება. როგორ გააკეთებენ, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ელექტორატი არსებობს და ამ ელექტორატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, წვრილი პარტიები უნდა დაჯგუფდნენ. ჩემი აზრით, შემოდგომამდე დრო კიდევ აქვს. 2024 წელს არჩევნებია. სასურველია, არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა დაჯგუფება შეძლონ, 3 ნაწილად გაიყონ -„ქართული ოცნება“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მესამე ჯგუფი, რომელიც იმ ელექტორატს მოიცავს, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იქნებოდა ყველაზე უკეთესი ვარიანტი. თეორიულად, ეს ყველაფერი შესაძლებელია, პრაქტიკულად რა მოგახსენოთ“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ის ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა, თუმცა, ვინ დარჩება პარტიის თავმჯდომარედ, ამის პროგნოზირება, ძაბირაძის თქმით, დღეს რთულია.
„ლევან ხაბეიშვილის მოსვლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ იწვევს პრობლემებს, რომლის პროგნოზირება შემდეგ საკმაოდ რთულია რბილად რომ ვთქვათ. მარტივი არ იქნება ხაბეიშვილისთვის ამ პრობლემის დაძლევა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა, ოღონდ ვინ დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ და ვინ იქნება ის ჯგუფი, რომელიც პარტიიდან გავა, ეს შეიძლება დღეს არ ჩანდეს. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ნიკა მელია ახერხებს იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩემი აზრით, სწორი ტაქტიკა აქვს, როდესაც ცდილობს, დასვას ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი და კი არ გამოეყოს, არამედ იბრძოლოს იმისთვის, რომ მისი გუნდი დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში. ამ შემთხვევაში, ხაბეიშვილი და მისი გუნდი იძულებული იქნება, პარტიიდან გავიდეს. თუ ყველაფერი ასე დარჩება, შემოდგომაზე მელია იძულებული იქნება, დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“. უკვე იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება არა მარტო ზედა ეშელონებში, არამედ უკვე ელექტორალური თვალსაზრისითაც, რომ რთულია სხვა გამოსავალზე დაიწყო ლაპარაკი“,-განაცხადა ძაბირაძემ.