რევოლუციური კომიტეტის წამყვან ნაწილს რთული დღეები დაუდგა, გარკვეულმა პირებმა კი ოპოზიციური სოლიდარობა გამოხატეს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, სადაც საგამოძიებო კომისიებზე კოორდინაციის საკითხზე იმსჯელეს.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ნაწილი რთულ ვითარებაში „ბიბისის” მიერ გამოქვეყნებული გამოძიების შემდეგ აღმოჩნდა და ახლა ცდილობს ისრები უმრავლესობისკენ გადაიტანოს.
"მთავარი თემა „ქოლ-ცენტებთან“ დაკავშირებით არის ის, რომ რევოლუციური კომიტეტის წამყვან ნაწილს რთული დღეები დაუდგა მას შემდეგ, რაც "ბიბისიმ " ჟურნალისტური გამოძიების დეტალები გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ზის ტალახში და ამ ტალახიდან ამოძახილები მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ისრები გადმოწიონ უმრავლესობისკენ და აქ არსებობს კიდევ ოპოზიციური სოლიდარობა, რომელიც გამოხატეს გარკვეულმა პიროვნებებმა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა იმასთან დაკავშირებით, რომ კომისია აუცილებელია, რათა სიმართლე დაადგინოს და თურმე ეს არ აწყობს ხელისუფლებას. ეს არის აბსოლუტური "ფეიკი". მეორეა ის, რომ ისეთი რესურსი არ შეიძლება გააჩნდეს საპარლამენტო კომისიას, როგორიც საგამოძიებო სტრუქტურებს აქვთ, მათ შორის, საერთაშორისო თანამონაწილეობით. ეს არის იმის გადასაფარად მიმართული, რომ კონკრეტული ადამიანები ნამდვილად დიდ ნაგავში აღმოჩნდნენ და კონკრეტული ბრალდებებია მათ მიმართ და მათი მფარველი კეზერაშვილის მიმართ", - განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის შექმნა ემსახურება იმას, რომ რეკომენდაციების იმ მუხლის შესრულება, რომელიც სასამართლოს ეხება, პოზიტიურად არ შეფასდეს.
"ჩამოკიდება იმ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ საერთაშორისო დონეზე იქნა გაცხადებული, არის მცდელობა ხავსიდან რაღაც უფრო მყარ ფუნდამენტს ჩაეჭიდონ. ამ შემთხვევაშიც არ არსებობს წინაპირობა, გინდ სამართლებრივი, გინდა რეგლამენტის მიხედვით შინაარსობრივად, რომ კომისია შეიქმნას პარლამენტში. არსებობს მეორე რეალობა, რომელიც არის ის, რომ ქართული სასამართლო არის საკმაოდ მყარ პოზიციაზე ევროკავშირის სივრცეში, ეს მოსვენებას არ აძლევს რევოლუციურ კომიტეტს და ამ თემის შემოტანა საპარლამენტო კომისიაზე, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რეკომენდაციების იმ მუხლის შესრულება, რომელიც სასამართლოს ეხება, არ იქნას პოზიტიურად შეფასებული", - განაცხადა ვოლსკიმ.