ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაში მომხსენებლებთან ყველა დეტალზე მქონდა საუბარი - გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვქონდა მათ მოხსენებასთან დაკავშირებით

ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაში მომხსენებლებთან ყველა დეტალზე მქონდა საუბარი. ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულებაზე, მათ შორის ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვქონდა დეტალური საუბარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, საუბარი შეეხო ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმასაც.

ამასთან, კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მიერ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე გარკვეული კრიტიკული შენიშვნები ჰქონდათ, რაზეც დეტალური მსჯელობა ჰქონდათ.

„ჩვენ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გვქონდა საუბარი. გავაცანით ინფორმაცია პროგრესზე, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. ასევე, განვიხილეთ მათი განცხადება, რომელიც თვენახევრის წინ გაკეთდა, გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვქონდა მათ მოხსენებასთან, მათ განცხადებასთან დაკავშირებით და ამაზე დეტალურად გვქონდა მსჯელობა. მთლიანობაში, ძალიან საქმიანი, ძალიან მეგობრული შეხვედრა გვქონდა და ყველა დეტალი განვიხილეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. 12 პუნქტზეც გავუზიარეთ დეტალურად ინფორმაცია, კერძოდ, ვაცნობეთ, რომ მეორე მოსმენით გაიარა კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტმა, შემდეგ გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, ახლა დასკვნას ველებით. ასევე ვისაუბრეთ, რომ ვგეგმავთ როგორც სისტემური მიდგომის ცვლილებების განხორციელებას, ასევე ე.წ. პერსონალური მიდგომით ცვლილებების განხორციელებას, ანუ გაგრძელდება სისტემური რეფორმები და ამასთან ერთად, დეოლიგარქიზაციის შესახებ მივიღებთ კანონს, ყველა დეტალთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. მათ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა მოიწონეს, გვითხრეს, რომ ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნას დაელოდებიან, ამის შემდეგ გვექნება დისკუსიის საშუალება, ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი გავუზიარეთ, რაც კანონპროექტის შემუშავების პროცესს უკავშირდება, მთლიანობაში საქმიანი საუბარი იყო. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ერთად ვიმსჯელებთ საბოლო პაკეტებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა