რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს და უყურებენ გარე მხარდაჭერას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, ლოგიკური იქნება, თუ შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ სანქციები გავრცელდება.
„რაც შეეხება სანქციებს, თვითონ ეს დამოკიდებულება არის ძალიან საინტერესო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს და უყურებენ გარე მხარდაჭერას. უნდათ რომ როგორმე იქ მაინც მიიღონ მხარდაჭერა. თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ისინი ყველა მიმართულებით წარუმატებლები იქნებიან. ხალხის მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა ყველა თემასთან, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით”, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია, რაც არის პასუხი განცხადებებზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სანქციებთან დაკავშირებით კეთდება.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. 2012 წლის შემდეგ, რომ არის სასამართლო დამოუკიდებელი ამაზე, რა თქმა უნდა, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას- ეს არის ჩვენი პასუხი ასეთ განცხადებებზე” , - განაცხადა კობახიძემ.