კობა ნაყოფია - ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული

შესაძლებლობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხარეებს შორის გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდეს, ჯერ ამოწურული არ არის , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებების გამო შეიძლება ავიწროებენ, შესაძლებლობა მაინც ამოწურული არ არის. კარგად გახსოვთ, თუ როგორ ჩატარდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები, ღია და გამჭვირვალე პროცესი იყო, 50 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არც ერთ მხარეს პრობლემა არ ჰქონია, წაგებულმა მხარემ მოგებულ მხარეს მიულოცა. შემდეგ განვითარდა პროცესები, რაც მართლა არასასურველი იყო, ეს იყო შეცდომა, როცა ახალი პოლიტსაბჭო აირჩია ყრილობამ, სადაც ბევრი ის ადამიანი ვერ მოხვდა, რომელიც მოქმედ პოლიტსაბჭოში იყო, თან ისე, რომ საერთოდ არ იცოდა ამის შესახებ. ძალიან ბევრი, გულანთებული თანამებრძოლი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, განაწყენდა, მათი ასეთი რეაქცია ბუნებრივია. ამას სხვა პროცესებიც მოჰყვა, საქართველოს რეგიონებში. თუმცა, ჯერჯერობით, ამოწურული არ არის ის შესაძლებლობები, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდეს“, - განაცხადა ნაყოფიამ.

კითხვაზე, თუ ვისთანაა მოლაპარაკების რესურსი დარჩენილი, ნაყოფია ასე პასუხობს:

„მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ პარტიაში არ არსებობდეს არანაირი გავლენის ჯგუფები, პარტიას ჰყავს მენეჯმენტი, თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო. იმ პოლიტსაბჭოში, სადაც მე თავმჯდომარე ვიყავი, იმდენად იყო აზრთა სხვადასხვაობა და იმდენად იყო რთული ნებისმიერი საკითხის გატანა, რადგან ბევრი საინტერესო ლიდერი, განსხვავებული მოსაზრებით ადამიანი მოდიოდა ამა თუ იმ საკითხზე განსახილველად, ბევრი კამათი, აზრების შეჯერება იყო, ეს იყო დემოკრატიული და კარგი პროცესი პარტიაში“, - განაცხადა ნაყოფიამ.

კითხვაზე, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ნაყოფია პასუხობს, რომ თუკი გარკვეული შეთანხმება მოხდება, პარტიაში გავლენის ჯგუფები აღარ იარსებებს, რაც სწორედ შეთანხმების ნაწილი იქნება.

„ერთ რამეს გეტყვით მხოლოდ - თუ გარკვეული ტიპის შეთანხმება შედგა, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი გავლენის ჯგუფები, არანაირი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, გარედან ახდენენ გავლენას „ნაციონალური მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ან სხვა მიმართულებით, არ იარსებებს, ეს იქნება შეთანხმების უმთავრესი ნაწილი“, - განაცხადა ნაყოფიამ.

კითხვაზე, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი უნდა ჩაერიონ თუ არა, პარტიულ გადაწყვეტილებებში, ნაყოფია პასუხობს, რომ არავინ უნდა ჩაერიოს.

„მათ შორის, ნებისმიერი ჩვენგანი, პარტია ცოცხალი ორგანიზმია, მას ჰყავს თავმჯდომარე, პოლიტსაბჭო, აღმასრულებელი სამდივნო, ეს ადამიანები არიან პოლიტიკოსები და ისინი უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ჩარევის გარეშე. თუ მოხდა ბევრი, საინტერესო, განსხვავებული მოსაზრების ადამიანების გაერთიანება, ეს შექმნის იმ წინაპირობას, რომ ვერავინ ჩაერევა და ვერ განახორციელებს ამა თუ იმ გავლენას. ამაზეა აქ საუბარი, მიმდინარეობს ეს კონსულტაციები, დაველოდოთ, იმედია, ყველაფერი გამოვა და კარგად იქნება.

არც იმას გამოვრიცხავ, შიგნით პარტიაში ლიდერები ვერ შეთანხმდნენ, ამ შემთხვევაში, ალბათ, შეიძლება სხვა პროცესები განვითარდეს, თუმცა, მე ნაკლებად ვუშვებ ასეთ რამეს“, - განაცხადა ნაყოფიამ.

მან ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და არ გამორიცხა ვადამდელი არჩევნებიც.

„შემდეგი არჩევნები შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან კარგად მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, ღმერთმა დაუფაროს ჩვენ ქვეყანას, რომ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს, ვიდრე ამას ველოდებით, ამიტომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა იყოს მზად და ბევრ სტრატეგიულ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებული იყოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“, - განაცხადა ნაყოფიამ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში