ძალიან ვაფასებთ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა.
"დღის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვექნება. მექნება შესაძლებლობა ვისაუბრო ევროპის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ამ მნიშვნელოვან საკითხში საქართველოს კონკრეტულ წვლილზე. აუცილებლად გავუზიარებ, თუ რა როლს ასრულებს ჩვენი რეგიონი, საქართველო ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, ასევე, ამ მიმართულებით პოლონეთის ძლიერ მხარდაჭერაზე. ძალიან ვაფასებთ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მოხარული ვართ, რომ გვყავს პოლონეთი, რომელიც ურყევად დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ასევე შევეხეთ უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. გავუზიარე ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველომ განახორციელა უკრაინის მიმართ. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩვენთვის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია. გავაგრძელებთ მსჯელობას, როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაში, რათა უფრო დავაახლოოთ ორი ქვეყანა. ბევრია გასაკეთებელი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ამაზეც ვისაუბრეთ, გავაგრძელებთ მსჯელობას თუ როგორ დავაახლოოთ ეკონომიკური თანამშრომლობა", -აღნიშნა მინისტრმა.