პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლას და ნიკა გვარამიას არშეწყალებას პირდაპირი გავლენა ექნება სტატუსის პერსპექტივაზე - არ უნდა გავჩერდეთ, იმიტომ რომ ნიკა გვარამიას გამოშვება მორალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება.
„ნიკა გვარამიას პატიმრობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან. ჩვენ ვნახეთ, რომ ის კანდიდატის სტატუსის არმიღების წინ დაიჭირეს და ახლაც, ერთი წლის თავზე, პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლას და მის არშეწყალებას პირდაპირი გავლენა ექნება სტატუსის პერსპექტივაზე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ამ თემაში ვიყოთ სრულიად კონსოლიდირებულები და დღეს აქ ამ საკითხზე, ყველა პარტიის სრული ერთსულოვნება არის კონსოლიდაციისთვის და უნდა დავგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში. არ უნდა გავჩერდეთ, იმიტომ რომ ნიკა გვარამიას გამოშვება არის მორალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.