პირდაპირ, დაუფარავად ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ფიქრობს და ასე თვლის, რომ ევროპაში ინტეგრაციის ჩვენი ეს ეროვნული ამოცანა „ქართული ოცნების“ დამსახურებით თუ ჩაიშლება, ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. პოლიტიკური ფასი უნდა იყოს ის, რომ მოვითხოვოთ ხელისუფლების მშვიდობიანად სახლში გაშვება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვინც ფიქრობს, რომ ევროპა სჭირდება საქართველოს მხარი ოპოზიციას უნდა დაუჭიროს.
„ჩემ გამო და ჩემი რესურსის გამო არავინ უნდა გამოვიდეს, საქართველოს გამო უნდა გამოვიდეთ იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ ისტორიულ შანსს ჩააგდებს უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი.
რეცეპტი არის მარტივი, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ევროპა სჭირდება საქართველოს მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციას, ვისაც უნდა რუსეთი, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“. ამ ბრძოლაში ჩვენთვის პარტნიორია ყველა, ვისაც უნდა ევროპა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.