სტატუსს როდესაც ვერ მივიღებთ, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ მოსახლეობის 90% სულით და გულით ევროპისკენ მიისწრაფვის და ოჯახის მომავალს ევროპას უკავშირებს, რა თქმა უნდა ექნება სახალხო, საჯარო მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ემზადება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნებისთვის.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ისინი ვადამდელი არჩევნებისთვის მზად ნებისმიერ მომენტში არიან, ოღონდ აუცილებელია ყველამ ერთად, სხვა ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად, ხელისუფლება აიძულონ, რომ საარჩევნო კოდექსში მაქსიმალურად მეტი ცვლილება იქნას გატარებული.
„ამ მოცემულობაში, ბოლო წლების განმავლობაში ზუსტად ისწავლეს სამაგიდო სიების მოპარვიდან დაწყებული, სუს-ის სპეცოპერაციით გაგრძელებული და ამ არჩევნების მოსყიდვით დამთავრებული, როგორ გაყალბონ არჩევნები რუსული ოცნების პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა. ოქტომბერში კი არა, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები ჩვენ მზად ვართ რუსული ოცნების დასამარცხებლად ნებისმიერ მომენტში როგორც კი, ეს არჩევნები გამოცხადდება და ჩაინიშნება. აქვე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ რაღაცას ალბათ შეეცდებიან და მაინც გააყალბებენ. თუმცა, გაყალბების ის მასშტაბები, რომელიც ადრე იყო ხოლმე, არ უნდა დავუშვათ. თუ არ იქნება მასშტაბური გაყალბება, რუსული ოცნება ამ მოცემულობაში აუცილებლად დამარცხდება, როცა არ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც არის უკმაყოფილება, მაშინ ინიშნება ვადამდელი არჩევნები.
„თუ არ იქნება კანდიდატის სტატუსი, ამ მოცემულობაში ვადამდელი არჩევნების გამორიცხვა როგორ შეიძლება?! ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ოპოზიცია მიაღწევს უპირობო გამარჯვებას. მაინც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რუსულ ოცნებას არ ჰქონდეს გაყალბების საშუალება, იმიტომ, რომ მათთვის ეს არის, როგორც ერთი დიდი სამხედრო ოპერაცია“.- განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, ეს ყველაზე მეტად ოპოზიციას უნდა. ცისკარიშვილის განმარტებით, 2024 წლიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს და ქვეყანა „მართლაც იმ ჭაობიდან, წუმპიდან და სიბნელიდან ამოიყვანა“. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია და უკანა ეზო გახადოს, ამიტომ, ასეთ მოცემულობაში გამორიცხული არ არის, რომ საქართველომ ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს.
„სტატუსს როდესაც ვერ მივიღებთ, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ მოსახლეობის 90% სულით და გულით ევროპისკენ მიისწრაფვის და ოჯახის მომავალს ევროპას უკავშირებს, რა თქმა უნდა ექნება სახალხო, საჯარო მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.