ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ, რომ საქართველოს სტატუსის გარეშე კიდევ ერთხელ დატოვება რეგიონში არსებულ რისკებს და ჩვენს არაკეთილმოსურნეთა ძალისხმევას გააძლიერებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, არ რჩება მიზეზი, რის გამოც საქართველომ სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება უარი მიიღოს.
„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ევრორეკომენდაციები სრულად შესრულდეს და საქართველოს მხარეს არც ერთი მიზეზი არ დარჩეს, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებაზე შესაძლოა უარის საფუძველი გახდეს. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთი წლის წინაც იმსახურებდა და იმსახურებს ახლაც, რადგან ყველა პარამეტრით ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.