პრეზიდენტი შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.
სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ეს სტრატეგია მის რეპუტაციას „არ ეხმარება“.
„ძნელი სათქმელია, რა იქნება ამ შემთხვევაში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია. მას ეს სტრატეგია და ეს მიდგომები აქვს არჩეული. თუმცა არ მგონია, რომ ეს მის რეპუტაციას ეხმარებოდეს და ქვეყნის ინტერესებს. ნამდვილად არ მგონია, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგის გაზიარება ქვეყნის ინტერესი იყოს, რადგან ოპოზიციას არჩეული აქვს გეზი, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს ევროინტეგრაცია, ეს არის მათი გეგმა, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ სისხლიანი რევოლუციის სცენარები განვითარდეს,"- განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.