„ქართული ოცნება“ დასავლეთს აცხადებს მტრად და რუსეთს ეკონომიკურ პარტნიორად, ამას კარგად ხედავენ ამერიკაში, ბრიტანეთში და მთლიანად ევროპაში, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ადამ ჰოლოვეის მიერ, ასევე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას.
ამასთან, მანჯგალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს, ნიკა გვარამიას საკითხის გადასაწყვეტად მის ხელთ არსებული მექანიზმები გამოიყენოს.
"ზოგჯერ დიდი სურათი შორიდან უფრო კარგად ჩანს. ყოველდღიურობაში შეიძლება მოქალაქეები ვერ ხედავენ გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რასაც "ქართული ოცნება" ახდენს, რომ დასავლეთს აცხადებს მტრად და რუსეთს ეკონომიკურ პარტნიორად, მაგრამ ამას კარგად ხედავენ ამერიკაში, ბრიტანეთში და მთლიანად ევროპაში ჩვენი პარტნიორები. იცით ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთდა განცხადებები, ამერიკაში სენატორმა შაჰინმაც ისაუბრა, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიულ ნაბიჯებს დგამს და ამ ავტოკრატიისთვის არის სწორედ დამახასიათებელი ის, როგორც ექცევიან წარმატებულ მედია მენეჯერს ნიკა გვარამიას. მოვუწოდებ პრეზიდენტს, არაფერი მას შესაწყალებელი არ აქვს, შეწყალება სჭირდებათ დამნაშავეებს, გვარამიას მიმართ უნდა აღსრულდეს სამართალი და მას აქვს ამის აღსრულების მექანიზმი. როცა მიდის ევროპარლამენტში, იქ მხოლოდ ლაპარაკის დრო ჩვენ არ გვაქვს, გადაწყვეტილი საქმეებით უნდა ვიდგეთ იქ და რეკომენდაციების მეშვიდე მუხლის მოგვარებული საკითხით უნდა ჩავიდეს იქ პრეზიდენტი," - განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, ბრიტანელმა დეპუტატმა, ადამ ჰოლოვეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს, რომ „რუსეთის მარიონეტი გახდეს“. სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით კი, საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ.