კანდიდატის სტატუსი უკვე ხდება ინსტრუმენტი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მაქსიმალურად შეეცადონ და აიძულონ ხელისუფლება წავიდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, მართლმსაჯულების რეფორმისკენ, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებისკენ. ასე, რომ ამ პროცესს ბევრი წახნაგი აქვს და შემდეგი თვეები საქართველოსთვის მართლაც ისტორიული იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საინტერესო და სასარგებლო დისკუსია ჰქონდათ, სადაც საუბარი შეეხეო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ნატო-ში გაწევრიანებას და მის პერსპექტივებს.
„აქ, ძალიან ბევრი ფაქტორი და ტაქტიკური ნაბიჯია, მათაც აინტერესებთ ის მოცემულობა, რაც შეიძლება წლის ბოლოსთვის საქართველოში იყოს და ჩვენგან ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება მოისმინეს, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, როგორი რეფორმები უნდა გატარდეს გადაწყვეტილების მიღებამდე და მიღების შემდეგ, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ერთის მხრივ არის ინსტრუმენტი, თუ გყავს კარგი ხელისუფლება, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული, ტრანსფორმაციისკენ, დემოკრატიისკენ მიდრეკილი, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი არ გვყავს და ამ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი უკვე ხდება ინსტრუმენტი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მაქსიმალურად შეეცადონ და აიძულონ ხელისუფლება, რომ ის წავიდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, მართლმსაჯულების რეფორმისკენ, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებისკენ. ასე, რომ ამ პროცესს ბევრი წახნაგი აქვს და შემდეგი თვეები საქართველოსთვის მართლაც ისტორიული იქნება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ასევე საუბარი შეეხეო ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხებს.