პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები მოიხვეჭონ, ეს არის ამორალური და ამაზრზენი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების პროტესტთან დაკავშირებით „ლელოს“ დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, არაერთი განცხადება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების, უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ფინანსური რესურსი ამ საკითხის მოსაგვარებლად არსებობს.
„ეს არის ამორალური, არაერთი განცხადება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების, უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, სადაც მან ღიად თქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ ფინანსური რესურსი ამ საკითხის მოსაგვარებლად არსებობს, მაგრამ ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. ეს არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ნებისმიერი სამედიცინო პროგრამა წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში. პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები მოიხვეჭონ, ეს არის ამორალური და ამაზრზენი. პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას საკუთარ თანამოქალაქეებთან დიალოგის პრობლემა არასოდეს ქონია, ჩვენ ყოველთვის გვიპოვია გამოსავალი ნებისმიერი რთული ვითარებიდან, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები ამ ფორმით ცდილობენ მანიპულირებას და სპეკულაციას, ეს არის მათთვის მორიგ ჯერზე იაფფასიანი ქულების დაწერის მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.