ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში არცერთი ოფიციალური განაცხადი ამ დრომდე არ არის შესული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში გაწეული დანახარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ ლევან დავითაშვილი დეპუტატებს ინტერპელაციით გაგზავნილი კითხვების პასუხად წერს.

დეპუტატების კითხვაზე: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობაში ინვესტირებული აქვს 75 მილიონი დოლარი, რა შემთხვევაში, რა ვადებში და ვინ უნდა დაუბრუნოს ინვესტორს არასადავო თანხა“ , მინისტრის პასუხია, რომ ინვესტორის მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული დანახარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

„შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ პროექტთან დაკავშირებით განხორციელებული დანახარჯები წარმოადგენს დავის საგანს საერთაშორისო არბიტრაჟში. 2016 წლის საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შეწყვეტილ იქნა 2020 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში (ე.წ „ადრეული შეწყვეტის“ შესაბამისი მუხლების საფუძველზე), ინვესტორის მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული დანახარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას“,- აღნიშნულია წერილში.

ინტერპელაციით დასმულ კითხვებს შორის იყო ასევე შეკითხვა იმის თაობაზე თუ რომელი ქვეყნები დაინტერესდნენ პორტის მშენებლობით. მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში არცერთი ოფიციალური განაცხადი ამ დრომდე არ არის შესული.

„როგორც მოგეხსენებათ 2023 წლის 20 თებერვალს გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი. შესაბამისი განზრახულობის შესახებ განაცხადის დოკუმენტით, ინტერესთა გამოხატვისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2023 წლის 19 მაისი. მოცემულ ეტაპზე, სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში (შემდგომში-სააგენტო) არცერთი ოფიციალური განაცხადი არ არის შემოსული, თუმცა შერჩევის პროცესის გამოცხადებამდე და მის შემდგომ პერიოდშიც, სააგენტოს მიერ მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან, კერძოდ ევროპისა და აზიის ქვეყნების კომპანიების წარმომადგენლებთან (მათ შორის საზღვაო დარგში წამყვან სამშენებლო და მსხვილ სანავსადგურე ოპერატორ კომპანიებთან). აღნიშნული კონსულტაციები ასევე მიმდინარეობს კითხვა-პასუხისა და დაზუსტებების რეჟიმში, როგორც ეს განსაზღვრულია განზრახულობის შესახებ განაცხადის დოკუმენტით“,-აღნიშნავს დავითაშვილი.

დეპუტატების შეკითხვა ასევე ეხებოდა პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას, რაზეც მინისტრის პასუხია, რომ მშენებლობის დაწყების ვადა ამ ეტაპზე ოფიციალურად განსაზღვრული არ არის. რაც შეეხება კითხვას, თუ რა თანხებით გეგმავს სახელმწიფო წელს დაიწყოს პორტის მშენებლობა, როგორც ეს პრემიერმა განაცხადა, იმ პირობებში როცა ბიუჯეტში მსგავსი რამ გათვალისწინებული არ არის, მინისტრი პასუხობს, რომ „დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე მუშაობა მიმდინარეობს და დაზუსტდება უახლოეს პერიოდში“.

„რაც შეეხება გზებისა და რკინიგზის მშენებლობას, აღნიშნული სამუშაოების დაწყების კონკრეტული ვადა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაციით ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, თუმცა გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებები შესაძლოა დაწყებულ იქნეს მიმდინარე წელს. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, 2021 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-ის მიერ შესრულებული დაანგარიშებით, პროექტის პირველი ფაზის ღირებულება შეადგენდა საორიენტაციოდ 500 მილიონ აშშ დოლარს. თუმცა, სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის, კაპიტალური ხარჯების ღირებულების განახლება, რომელიც დასრულდება უახლოეს კვირებში“,- აღნიშნავს დავითაშვილი.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ოპოზიონერი დეპუტატები ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებენ. შესაბამისი შეკითხვებით მათ მინისტრს წერილობით 10 აპრილს მიმართეს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!