ილია დარჩიაშვილი - კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით. პირველ რიგში, ვიზიტი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი და მჭიდრო თანამშრომლობის გამოძახილია; ამასთან, ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების სიმტკიცე მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირზე, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დამყარებული.

ამ კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მაღალი დონის სტრატეგიული ფორმატის „დიმიტრი ამილახვარის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, განათლების და კულტურის სფეროებში.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მისწრაფება და ცივილიზაციური არჩევანი, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მტკიცეა და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, განაგრძობს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კონსოლიდირებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში.

„საფრანგეთს შეუძლია ჰქონდეს საქართველოს იმედი, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა სანდო პარტნიორია, რომელიც აგრძელებს ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე კონსტრუქციული როლის შესრულებას, რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

"შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პირველმა დიპლომატმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი ორმხრივი დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს ინსტიტუციური მოდერნიზაციის და სოციო-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში თანადგომისთვის და მიესალმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ნაყოფიერ თანამშრომლობას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი