„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას არ მისცემს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ აქვთ შიში.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციითა გარანტირებული ის, რომ შესაძლებელია შეიქმნას საპარლამენტო კომისია და ხელისუფლების ნაბიჯები არის ანტიკონსტიტუციური.
"რუსული ოცნება" ანტიკონსტიტუციურად იქცევა, ეს რუსულ კანონთან მიმართებითაც ვნახეთ. ჩვენი ევროპული გზის შესახებ წერია კონსტიტუციაში, მაგრამ პარლამენტში რუსული კანონი შემოიტანეს. ახლაც კონსტიტუციით რომ აქვს ოპოზიციას გარანტირებული კომისიის შექმნა, იმ კონსტიტუციას არღვევენ და კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა ოპოზიციას პარლამენტში, რაც წარმოუდგენელია, ეს არის ნონსენსი. როდესაც ბოიკოტზე ვსაუბრობთ ხოლმე, ეს არის ოპოზიციისთვის ერთგვარი შესაძლებლობა. კანონშიც იმიტომ წერია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადოს, მაგრამ ხელისუფლება თავის თავს უცხადებს ბოიკოტს, თავად ბოიკოტირებს იმ პარლამენტს, რომლის უმრავლესობაში თავად არიან და არღვევენ კონსტიტუციას. კონსტიტუციითაა გარანტირებული ის, რომ შესაძლებელია შეიქმნას საპარლამენტო კომისია. ეს ნაბიჯები არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი. როცა კობახიძე ლაპარაკობს იმაზე, რომ ვინმეს რამის შესაძლებლობას არ მისცემს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ აქვთ შიში და ისინი პირდაპირ შერწყმული არიან რუსულ „კლანთან“. ვგულისხმობ სასამართლოში არსებულ „კლანს“, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია გამოსცა ოთხ ადამიანზე. შემიძლია დამატებით გითხრათ, რომ ამ ოთხი ადამიანით არ დასრულდება ეს სანქციები“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი ვარაუდით, სანქციები გაიზრდება და ის მაღალი თანამდებობის პირებს შეეხებათ.
„დასანქცირდებიან პროკურორები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. შესაძლოა, კობახიძე, მდინარაძე და ის ადამიანები, ვინც დღეს დაზუსტებით შეგვილია ვთქვათ, რომ არიან „კლანის“ გამზიარებლები, მეგობრებიც და ერთად „ჭრიან და კერავენ“ კონკრეტულ საქმეებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ოპოზიციას საშუალებას არ მისცემს, სასამართლოს თემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას.