საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს.
როგორც მან საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის.
„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდა და კვლავაც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე. ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები და შექმნა საფუძველი ჩვენი მთავარი მიზნის ასასრულებლად, რაც ნიშნავს ერთიან, ძლიერ საქართველოს“,-განაცხადა პრემიერმა.
მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს.
„ქართული ჯარი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ის რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ფონზე, ქართული ჯარის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში. რუსეთის აგრესია უკრაინაში. ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად ტურბულენტურ გარემოში, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება“, - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს ქართული ჯარის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.