ყველაფერს აქვს თავის ფორმა, თავის წესი, თავის დრო და შესაძლებელია გაიმართოს დისკუსია გარკვეულ ფორმატებში, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს.
სარჯველაძის თქმით, თითოეულ საკითხზე შესაძლოა პოლიტიკოსებს ჰქონდეთ თანმხვედრი ან განსხვავებული პოზიცია.
„გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში არის განწყობა, რომელიც მაინც და მაინც თავსებადი არ არის ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. საკითხებს რაც შეეხება, ყველაფერს აქვს თავის ფორმა, თავის წესი, თავის დრო და შესაძლებელია თითოეულ მათგანთან მიმართებით გაიმართოს დისკუსია გარკვეულ ფორმატებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანზე გვქონდეს წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია.
არ შეიძლება ადამიანების მიერ გამოხატული პოზიციების მექანიკურად გადახარისხება იმის მიხედვით ოპოზიციას რა მოსწონს და რა არა, რომ ეს ფასდებოდეს როგორც დასავლური ან ანტიდასავლური. ასე არ შეიძლება საკუთხების დაყენება. თითოეულ საკითხზე შეიძლება პოლიტიკოსებს ჰქონდეს განსხვავებული ან თანხვედრილი პოზიცია,"- განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით აქციაზე გამოთქმულ პოზიციაზე, სარჯველაძე აცხადებს, რომ მისი პოზიცია კონსტიტუციის შესაბამისია, თუმცა, გამოთქმული მოსაზრებების დემონიზება მისთვის მიუღებელია.
„მე მაქვს კონკრეტული, ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან, მიკვირს რატომ სვამთ არ კითხვას ჩემთან მიმართებით. მაგრამ დღეს საქართველოსთვის რომ ომი კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია, ყველას კარგად გვესმის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) და მისი თანამოაზრეების ორგანიზებით გამართულ აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს, მათ შორის აქციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მოთხოვნა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემაა. ასევე, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, საქართველოში "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვა.