იმას, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ განიზრახა, სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა ძალაუფლების უზურპაციას! - ქმნით პრეცედენტს და არღვევთ პარლამენტის წევრის საბაზისო უფლებას, საკანონმდებლო ინიციატივის წესით კონკრეტული საკითხი დასვას, მოხდეს მისი განხილვა და პარლამენტის მიერ კენჭისყრა, - ეს განცხადება “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის მისამართით ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ იქნება.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის ინიციატივა არ მოსწონს და მას საკუთარი ხმებით ვერ ბლოკავს, აკეთებს იმას, რისი პრეცედენტიც პარლამენტში არასდროს მომხდარა.
“პარლამენტის შენობაში ჩემზე უფრო სტაჟიანი თანამშრომლები არიან. 30-ზე მეტი წლის განმავლობაში თუ ყოფილა შემთხვევა, როცა კონკრეტული საკითხი, დღის წესრიგში კენჭისყრის ჩამონათვალში შეტანილი პროექტი უმრავლესობას ჯერ რეგისტრაციის არგავლით დაუბლოკავს, ხოლო შემდეგ მისი უბრალოდ წაშლა გადაწყვიტა? - საშლელი რომ აიღო და წაშალო! თუ ყოფილა ასეთი პრაქტიკა?! ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ შემოტანილი პროექტი არ მოგწონთ. გასაგებია, რომ არ ეთანხმებით და თქვენი აზრი გაქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცეთ და ასეთი პრეცედენტები შექმნათ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი “უპრეცედენტოს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის ინიციატორთან შეუთანხმებლად და მისი ნების საწინააღმდეგოდ არ შედის.
“იმის გამო რომ ბევრი ხმა გაქვთ, კონკრეტულ საკითხს საშლელით შლით და ეს ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ხდება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საკითხი ინიციატორთან შეუთანხმებლად და მისი ნების საწინააღმდეგოდ კენჭსაყრელ საკითხებში არ შედის - ამით საგამოძიებო კომისიას არაფერი დააკლდება. მან თავისი როლი შეასრულა.
საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოედგინა - თქვენ საკუთარი თავი პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეთ და ამ ჩიხიდან გამოსასვლელად უფრო მძიმე გზას ირჩევთ. ეს რთულად დააჩნდება პარლამენტს, მართლმსაჯულებასა და ქვეყანას“, - მიმართა უსუფაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.
პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.