ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტი გააუქმეს, საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილშიც კი საფრთხე შექმნეს, რომ არასდროს განიხილონ, თუ არ მოეწონათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ამით ლილუაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის არ შეტანას.
როგორც მან აღნიშნა, დღეს შეიქმნა პრეცედენტი, რომ თუ ინიციატივა უმრავლესობისთვის მოსაწონი არ იქნება, ბიუროს შეუძლია არასდროს ჩასვას დღის წესრიგში.
“ფაქტობრივად, გააუქმეს სახელმწიფო ინსტიტუტი, რადგან სულ რომ თავი დავანებოთ საგამოძიებო კომისიას, საპარლამენტო ინიციატივის ნაწილშიც კი საფრთხე შექმნეს, რომ არასდროს განიხილონ ის, რაც არის პარლამენტის წევრის კონსტიტუციით გათვალისწინებული და გარანტირებული უფლებამოსილება, თუ არ მოეწონათ რომელიმე კანონის პროექტი, ბიუროს შეუძლია არასდროს ჩასვას ის დღის წესრიგში ისე, რომ ინიციატორს არ შეუთანხმოს. პირველი კომისიის შემთხვევაში ვნახეთ, რომ ხელისუფლება გადაეფარა „ნაცმოძრაობის“ მოსამართლეებს - სანქცირებულ მურუსიძე, ჩინჩალაძეს, „ქოლცენტრების“ შემთხვევაში კეზერაშვილს გადაეფარება და ბოლო - ბოლო "ნაცმოძრაობა" "გაქოცდა" თუ "ქოცები" "განაცდნენ"? - ინტერპრეტაციების საკითხია, შეიძლება საკუთარ შიშებს უფრთხიან, შეიძლება ერთ დიდ შეთანხმებას", - განაცხადა ლილუაშვილმა.
პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.
პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა, სადაც კენჭსაყრელი საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს და დღის წესრიგის პროექტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის არ არის.