აქცია საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული, ყველა ადამიანი არის საზოგადოების წევრი, მით უმეტეს, კვირას, როცა უქმე დღეა და არასამუშაო საათებია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ჩამოიყვანეს თუ არა რეგიონებიდან საჯარო მოხელეები აქციისთვის ორგანიზებულად.
თალაკვაძის თქმით, არსებობს ინტერესი, რომ აქცია „დააბრალონ და დაუკავშირონ „ქართულ ოცნებას“.
"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საზოგადოება თავისით იკრიბება და უფრო ფართო მონაწილეობით გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ვიდრე ყველა ოპოზიტური პარტია ამას ახერხებს ერთად. მეტიც ამ ოპოზიციას უკვე ჰყავს ლიდერები, რომლებსაც აქციებიდან აგდებენ, ართმევენ მიკროფონს და მათი იქ დგომა საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს მიაჩნიათ მიუღებლად. ეს არის პოლიტიკური ჩიხი და ეს არის ზუსტად რადიკალური ოპოზიციის სტატუსი. მათ არ სიამოვნებთ არც ერთი შეკრება, რომელსაც არ ჰქვია მათი სახელი და ცდილობენ დაუკავშირონ "ქართულ ოცნებას", რადგან ეს მათთვის არის ძალიან დიდი კრახი, რომ მათ გარეშე საზოგადოება უფრო ფართო მანიფესტაციას ატარებს და გამოხატავს საკუთარ აზრს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით", - განაცხადა თალაკვაძემ.