მე ვწუხვარ, რომ ზოგმა ექიმმა გაიხადა თეთრი ხალათი და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ვივამედის“ ექიმების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა, რომელთა თქმითაც, მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად ამცირებს კალორაჟს, რომ მდგომარეობა გაუარესდეს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებებით ექიმები ცდილობენ ხელი შეუშალონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას.
„მათი განცხადებები უკავშირდება სტრასბურგში მიმდინარე საქმეს და ცდილობენ, ყველანაირად ხელი შეუშალონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მხოლოდ ამის გამო აკეთებენ ახლა ამ განცხადებებს, ცდილობენ თემა გადაიტანონ პოლიტიკურ ჭრილში და არა სამართლებრივში.
მე ვწუხვარ, რომ ზოგმა ექიმმა გაიხადა თეთრი ხალათი, რომლითაც ამაყობს ქართველი ხალხი და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, ვწუხვარ ამის გამო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.