ბიზნესები, რომლებიც რუსეთში ელექტრონულ საქონელს გზავნიან, "რულეტს თამაშობენ", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ობრაიენმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
მან უპასუხა სანქციების რეჟიმის მონიტორინგის, კონტროლისა და დაცვასთან დაკავშირებულ კითხვას და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას სანქციები.
„ეს არის გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის საფუძველი. ბიზნესისთვის არსებობს ორი ელემენტი. ერთ-ერთი მათგანია კომუნიკაცია. ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ საჯაროდ. ჩვენ სიამოვნებით დაველაპარაკებით ცალკეულ ბიზნესებს თუ არის პოტენციური პრობლემა. ჩვენი კოლეგები ხაზინაში, ვაჭრობის დეპარტამენტში და აქ სახელმწიფო დეპარტამენტში, ძალიან ხშირად ვესაუბრებით ბიზნესებს, ბიზნეს ასოციაციებს. გვაქვს საგანმანათლებლო მასალები. ამასთან ერთად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ხარვეზებს. ერთ-ერთი მათგანი ახლა ვახსენე. კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ისინი ალბათ ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გააგზავნიან. მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა”, - დასძინა მან.
კითხვაზე, არის თუ არა საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ნებით თუ უნებლიედ ხელს უწყობს რუსეთს და მათ ამ ძალიან მგრძნობიარე ელექტრონიკის მოპოვებაში ეხმარება, ობრაიენმა განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს „გულმოდგინედ ასრულებს“.
„ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე - იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს”, - დასძინა მან.
კითხვაზე, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მან წამოჭრა, ობრაიენმა უპასუხა, რომ ამ კონკრეტულ დისკუსიაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა საკითხზე რეგულარუად საუბრობენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
"ამ საკითხზე რეგულარულად ვსაუბრობთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და ვმუშაობდით ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნივთების იდენტიფიცირებასა და მათი ექსპორტის შეჩერებაზე", - აღნიშნნა მან.
კითხვაზე, მთავრობა მზადაა თანამშრომლობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ასე პასუხობს:
"საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ გვინდა მათ მხარი დავუჭიროთ ამ მისწრაფების შესრულებაში. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ არსებობს მთელი რიგი ვალდებულებებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს. ეს არის კანონის უზენაესობის საკითხი და ამას ვუყურებთ, როგორც სრული მხარდაჭერის აღმოჩენას საქართველოსთვის იმ სურვილის მისაღწევად, რომელიც მას აქვს გამოცხადებული", - აცხადებს ის.
გარდა ამისა, მან ისაუბრა ამერიკაში მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც ოთხ ქართველ მოსამართლეს დაუწესდა.
მისი თქმით, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
“ამ შემთხვევაში, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა გასულ კვირას, ეს პირები იმყოფებოდნენ საქართველოში მნიშვნელოვანი კორუფციის ცენტრში, ბოლო რამდენიმე ადმინისტრაციის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გლობალური პოლიტიკა, რომ ადამიანებზე, რომლებიც ბოროტად იყენებენ სახელმწიფო ძალაუფლებას ამ ფორმით, ეს შეზღუდვები უნდა გავრცელდეს. ჩვენი კანონის თანახმად, ამ შეზღუდვების დაწესება ფაქტობრივად, სავალდებულოა. ჩვენ მას ვხედავთ, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების განმტკიცებას. ეს სტანდარტული ნაბიჯია. რეაქცია, რომელიც ბევრი კარგად ინფორმირებული ადამიანისგან მივიღეთ იყო ის, რომ დიახ, დიახ, უკვე დრო იყო. ვფიქრობ, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი და არანაირი პრობლემა არ არსებობს. არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძვლო იყო”, - აღნიშნა ობრაიენმა. კითხვაზე, ეს არანაირად არ არის დაკავშირებული მაგნიტსკის აქტთან, თუ მის ფარგლებში მოხდა, ობრაიენი აცხადებს, რომ ეს ცალკე უფლებამოსილებაა.
“არა, ეს არის ცალკე იურიდიული უფლებამოსილება, თუმცა ორივეს კანონს შეუძლია ერთსა და იმავე გარემოებებზე რეაგირება. მაგრამ ეს არის კანონი, რომელიც ჩვენგან მოითხოვს იმ ოფიციალური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, რომლებიც ჩართული იყვნენ მსგავს ქმედებებში”, - აცხადებს ის.