მმართველი პარტიის მხრიდან ეს პროცედურული ომი პარლამენტში პირველ რიგში არღვევს კონსტიტუციას და იმ რეგლამენტს, რომელიც თავის დროზე მივიღეთ და რომელიც ძალიან მოგვწონდა, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მანიპულაციებშია ჩართული მმართველი პარტია, იმისთვის რომ გადაარჩინოს სასამართლო „კლანი".
„მე შემიძლია გავიხსენო ასეულობით შემთხვევა, როდესაც დღის წესრიგში ჩასმული საკითხი ვერ ასწრებდა განხილვას ან არ იხილებოდა პარლამენტში, ის ავტომატურად გადადიოდა შემდეგი სასესიო კვირის დღის წესრიგში. თუ თავად ავტორი, ინიციატორი არ იტყვის უარს, არ შეიძლება მის განხილვაზე უარის თქმა. ამიტომ ეს არ არის, რომ ვინმეს გამორჩა. სამწუხაროა, რომ ასეთ მანიპულაციებშია ჩართული მმართველი პარტია, იმისთვის, რომ გადაარჩინოს "კლანი". ეს არაფერი არაა თუ არა გარიგება „ოცნებასა“ და კლანს შორის. მე მიკვირს, რომ არც ცდილობენ რაღაცნაირად დამალონ ეს ღია კავშირი, ასე სააშკარაოდ გამოდეს. ეს ყველაფერი მანიპულაციაა, ჯერ თავისთავად ის, რომ დღის წესრიგში არ სვამ, მერე ჩასმულ საკითხზე რეგისტრაციაში არ ტარდები“, - აღნიშნა ბესელიამ.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის თქმით, პარლამენტის წევრის ვალდებულებაა, რომ პარლამენტის სხდომაზე შევიდეს და რეგისტრაცია გაიაროს.
„ხელოვნურად ამ ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ შენ ვალდებულებას არღვევ. შენი უფლება არ არის, ეს არის შენი ვალდებულებაა, როგორც დეპუტატის და თუ ამ მანიპულაციებით გინდა, რომ დაბლოკო ოპოზიციის უფლება შექმნას კომისია, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერასდროს ვერ შექმნიან“, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმეს ვერ წაიღებს, რადგან პროცედურულ დარღვევას არ იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.
ბესელიას თქმითვე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებში მათი რეალური განზრახვა ჩანს, რომ არ უნდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან „სასამართლო კლანი ახლა სთხოვს პარლამენტს, რომ დაიცვას მათი ინტერესები“.
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - არ შეაქმნევინებენ ამ კომისიას, მაგრამ ეს რეპუტაციული დარტყმა, რომელიც მიიღო მთლიანად სასამართლომ, არამხოლოდ ყველა მოსამართლეზე გადავა, ეს რეპუტაციული ზიანი დაარტყამს კიდევ ერთხელ მმართველ პარტიას და ნდობის გარეშე არც სასამართლო არსებობს, არც პარლამენტი. ნდობის გარეშე არჩევნებში არც ელექტორალური მხარდაჭერა არსებობს. ეს ყველაფერი საბოლოოდ გროვდება „უნდობლობის ყულაბაში“, რომელიც დაუგროვდა „ოცნებას“ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს უხეში გადაბიჯება კანონის გადაითარგმნება დიდ უნდობლობაში, რომელსაც ისინი ამომრჩევლისგან მიიღებენ“, - განაცხადა ბესელიამ.
გარდა ამისა, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა „სამალავიდან გამოიტანა ყველაფერი, რაც იყო თვალს მიღმა“.
„ის, რომ ხელისუფლების განცხადებები ასე არის რუსულ დღის წესრიგთან თანხვედრაში და ნეიტრალიტეტის იდეაც რუსული დღის წესრიგის ნაწილიცაა, ეს ხომ შემთხვევითი არაა?!“, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, დიდი და შეფარული საფრთხე, რაც უკვე ღიად ჩანს „ეს არის რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“.