როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადება, ერთი მაგალითი მოიყვანონ - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება - "თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, არც ეგაა პრობლემა", ანტიდასავლური არ არის.
"ამ ორგანიზაციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც თავისი ქმედებებით ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაადასტურა და აჩვენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან, ევროპასთან და ევროპულობასთან ამ ადამიანებს და ამ დაჯგუფებას არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან," - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძე აღნიშნავს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება.
"ვიცით ეს ადამიანები [ოპოზიცია] ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს მისცეს სტატუსი," - განაცხადა კალაძემ.