„ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიას არ ქმნის მარტივი მიზეზის გამო - მას ეშინია, რომ გამომჟღავნდება იმ ქმედებების შესახებ, რასაც „კლანი" სჩადის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების საფუძველზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციით უმცირესობისთვის გარანტირებული უფლება, რასაც „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურად ზღუდავს.
„საგამოძიებო კომისიას არ ქმნის „ქართული ოცნება“ მარტივი მიზეზის გამო - მას ეშინია, რომ გამომჟღავნდება იმ ქმედებების შესახებ, რასაც "კლანი" სჩადის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების საფუძველზე. ამ პოლიტიკური დავალებების შედეგი არის ის, რომ ნიკა გვარამია არის დღეს პატიმარი, რომელსაც აბსურდული ბრალდება აქვს წაყენებული. საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციით უმცირესობისთვის გარანტირებული უფლება და არანაირი დათქმა არ არსებობს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით, „ქოლ-ცენტრთან“ დაკავშირებით, მურუსიძესთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არ შეიძლება. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ამ უფლებას ზღუდავს არალეგიტიმურად. შესაბამისად, ეს ქმედება არის ანტიკონსტიტუციური. შესაბამისად, ქმედება, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური, არის ანტისახელმწიფოებრივი და სამართლის ლოგიკის საწინააღმდეგო, სამართლიანობის საწინააღმდეგო, რადგან სამართლისა და წესრიგის მთავარი წყარო არის კონსტიტუცია. თუ ვინმე არღვევს კონსტიტუციას, არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე ეღობება ევროპულ პერსპექტივას, არის „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.