30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებს 32 წელი შეუსრულდა და თავდაცვის სამინისტრომ გაუგონარი საჩუქარი მიართვა კრემლს სწორედ თავდაცვის ძალების დღეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
აქუბარდია 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც საქართველო ნატო-ს სწავლებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„მე მინდა გამოვეხმაურო სწორედ 30 აპრილს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ იმ ნატო-ს სწავლებაში, სადაც საქართველო წლებია მონაწილეობს და რომლის მთავარი იდეა არის რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ფოკუსირება და შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან და მოკავშირე წევრ ქვეყნებთან ერთად სამხედრო სწავლებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ამ სწავლებაში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ მონაწილეობს და ეს ახსნა სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯით და სხვადასხვა სირთულით, რაც არის ტყუილი და რაც არის დამაზიანებელი ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისთვის“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში, 5 აპრილის მოცემულობით, საქართველო მონაწილეობდა იმ ნატო-ს სწავლებაში, რომელიც ესპანეთში დაიწყო.
„აქვე, მნიშვნელოვანი არის, რომ მოლდოვაც რომელიც არც ნატო-ში არ მიილტვის და არც ისეთი დონის თანამშრომლობა აქვს შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან, როგორც საქართველოს, იღებს მონაწილეობას ამ სწავლებაში. ამ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს, ამ სამხედრო სწავლებას ბოლო წლების მანძილზე და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას, საქართველოს არმონაწილეობა ამ სამხედრო სწავლებაში პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, მით უფრო როდესაც ვლაპარაკობ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისთვის. მინისტრმა იცრუა, როდესაც ეს ახსნა ლოჯისტიკური ხარჯებით, რამდენადაც წლების მანძილზე საქართველო მონაწილეობს ნატო-ს ამ სწავლებაში, მეტიც, გეტყვით, რომ ორი წლის წინ საქართველომ უმასპინძლა კიდეც ამ სწავლებას და როგორც წესი, სამხედრო სწავლებებში ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყო უზრუნველყოფილი, როგორც ლოჯისტიკურად ასევე სხვა ხარჯებით და ეს არის მკაფიო სიგნალი, ნატო-სგან, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი - ნატო-ში გაწევრიანება, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა“, - განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, მან თავდაცვის მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართა.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, დეკემბრიდან მოყოლებული 15 წერილი აქვს გაგზავნილი თავდაცვის მინისტრთან, მათ შორის კითხვები ნატო-სთან დაკავშირებით, სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით და „პასუხები აღარ მოდის ბურჭულაძის უწყებიდან“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს კიდევ ერთი ნიშანია რომ მას პატივისცემა არ აქვს პარლამენტის და ზედამხედველობას გაურბის თავდაცვის სამინისტრო.
„მოვუწოდებ ასევე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს დაინტერესდეს იმ მიზეზებით თუ რის გამო თქვა უარი თავდაცვის მინისტრმა „მცველ 2023“-ის სწავლებაში მონაწილეობაზე. 2020-2021 წელს არის დაგეგმილი ეს სამხედრო სწავლება, 5 აპრილის მონაცემებით საქართველო იყო მონაწილე ქვეყნებს შორის და მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებას“, - დასძინა აქუბარდიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2 დღის წინ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ წელს საქართველო მონაწილეობს 20 საერთაშორისო სწავლებაში.
"კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული რიცხვი შარშან იყო, როდესაც საქართველოში 6 საერთაშორისო სწავლებას ვუმასპინძლეთ. რეკორდულად მაღალია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება კონკრეტული სწავლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ლოჯისტიკურ ხარჯებთან და ლოჯისტიკურ სირთულეებთან. ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს. გასულ წელს რეკორდული მაჩვენებელი იყო. ჩვენ ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო წვრთნას. წელს მონაწილეობას ვიღებთ 20 საერთაშორისო წვრთნაში. ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან “, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.