როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიტიკოსებს სანქციას პროცედურული საკითხების გამო უწესებენ? თუ ამასთან მივედით, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე ვიღაცამ სერიოზულად დაიწყო მსჯელობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ კობახიძე-პაპუაშვილი-მდინარაძე უნდა დასანქცირდნენ, „მდაბიოობაა“.
მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს, ოპოზიცია კი სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით ლაპარაკობენ და იმუქრებიან.
„არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდით რომ უზიხარ და მის დასანქცირებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს სთხოვ. წარმოგიდგენიათ, რა მდაბიოობასთან გვაქვს საქმე. განსხვავება იცით რა არის ჩვენს შორის? ძალიან ნიშანდობლივია ეს ამბავი. ჩვენ ვლაპარაკობთ „ქართული ოცნების“ სახელით და ისინი ლაპარაკობენ და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ქართველი ხალხი გასცემს ამაზე პასუხს, ისინი ამბობენ, რომ ამერიკელები, ევროპელები გასცემენ პასუხს. ეს თან სისულელეა. რა სანქცია ახლა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ პოლიტიკოსებს სანქციას უწესებენ პროცედურული საკითხების გამო? თუ ამასთან მივედით, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე ვიღაცამ სერიოზულად დაიწყო მსჯელობა. წარმოუდგენელი ამბავი იქნება. დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე რომ იყო ლაპარაკი, ამაზე მეტი არ შეიძლება,“ - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, ოპოზიციამ კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში შეტანის საკუთარი უფლების რეალიზება ვერ მოახდინა.
„მათ ისიც ვერ მოახერხებს, რომ ბიუროს დღის წესრიგში შესატანად თავის უფლების რეალიზება მოეხდინათ და დაეყენებინათ საკითხი. ან დღეს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი, რომელიც ბიურომ არ შეიტანა დღის წესრიგში. დღის წესრიგის დამტკიცებას არც ერთ მათგანი არ შეწინააღმდეგებია. ანუ, მაშინ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, მაშინ შეიძლება აწიოს დეპუტატმა ხელი და თქვას, რომ ეს საკითხი დაემატოს დღის წესრიგს. არც ერთმა მათგანმა ეს არ გააკეთა და კიდევ ჯიუტად იმეორებენ რატომ ამოიღეთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.