თვალს ვადევნებთ, როგორ უშედეგოდ ითხოვენ მშობლები პრემიერთან შეხვედრას. წარმოუდგენელია, 2 კვირის განმავლობაში პრემიერ - მინისტრს ვერ გამოენახა ნახევარი საათი დედებთან შესახვედრად, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან სოლიდარობა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედებს გამოუცხადა.
პარტია “მოქალაქეების” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორი რთულია ამ ქვეყანაში იყო მშობელი.
დეპუტატმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მშობლების კიდევ ერთ ჯგუფზე - მარტოხელებზე და მათ პრობლემებზე და საჭიროებებზე ისაუბრა.
"რთულია ამ ქვეყანაში იყო მშობელი, განსაკუთრებით რთულია იყო მარტოხელა მშობელი. მწერს 2 შვილის მარტოხელა დედა, თეო შიდა ქართლიდან. წლებია ცხოვრობს ქირით, სოციალური დახმარების ამარა, მცირეწლოვანი შვილების გამო ვერ მუშაობს, ამბობს, რომ ვერ ყიდულობს საკმარის საკვებს, წამლებს, ტანსაცმელს, ზამთარში არ უვლიათ მის შვილებს სკოლაში, რადგან შესაბამისი ფეხსაცმელი არ ჰქონდათ. ასეთ მდგომარეობაში ასობით მარტოხელა მშობელია. იმედი მქონდა, რომ გენდერული საბჭო აქტიურად გააგრძელებდა მშობლის სტატუსზე მუშაობას... რადგან ამ სტატუსს გაცილებით მეტი ადამიანი იმსახურებს, ვიდრე დღეს არის გათვალისწინებული. სტატუსს იმსახურებენ განქორწინებული მშობლები, პაპა-დიდედები და ზოგადად ყველა, ვინც რეალურად მარტო ზრდის ბავშვებს და უწევთ ყველა გამოწვევას გაუსწორონ თვალი. მარტოხელა მშობლის სტატუსს სახელმწიფოს მხრიდან რეალური მხარდაჭერა უნდა მოჰყვებოდეს. არ შეიძლება კონკრეტული მუნიციპალიტეტის გემოვნებაზე იყოს დამოკიდებული მარტოხელა მშობლების და მათი შვილების ბედი.
მაგალითისთვის, ასპინძაში, ყაზბეგში და წალენჯიხაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული არანაირი დახმარების პროგრამა და არც მომავალში გეგმავენ. უფრო მეტიც, მესტიაში რეგისტრირებულიც კი არ არის არც ერთი მარტოხელა მშობელი. როგორ დავიჯერო, რომ არცერთი ასეთი მშობელი არ ცხოვრობს. აქ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის არქონაც იკვეთება. იმ ქალაქსა თუ რაიონში, სადაც გათვალისწინებულია რაიმე სახის მიზერული დახმარება, ყველა მარტოხელა მშობელი ვერ იღებს მას, რადგან ცხოვრობენ ქირით და არ არიან ჩაწერილი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და მიდგომა, რომელიც გააძლიერებდა მარტოხელა მშობლებს.
ჩვენ ყველა უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ყველა ამ მშობლის უკან, ბავშვები არიან, ბავშვები რომლებსაც ცხოვრების ელემენტარული პირობები არ აქვთ. მხოლოდ კაპიკების ჩამორიგებით საქმე არ კეთდება, შესაძლებელია, კარგად ნაფიქრი პროგრამების შემუშავება, რომელიც პირდაპირ ფინანსურ დანახარჯს არ ითვალისწინებს, მაგრამ უკეთესობისკენ შეცვლიდა მარტოხელა მშობლების და მათი შვილების ყოველდღიურობას. მოგიწოდებთ, რომ რაც შეიძლება მალე განახლდეს მარტოხელა მშობლის სტატუსსა და რეალურ დახმარებებზე მუშაობა,“- განაცხადა დეპუტატმა.