აქციის ნამდვილი სახელი, რომელსაც სიმბოლურად ერქვა „მოვდივართ“, იყო „მივდივართ“ - ამ აქციით გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიხართ და თქვენი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეშია, ვინაიდან, ამ აქციაზე ვიხილეთ დიდი სანაგვე,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს.
მისი თქმით, აქციაზე გამომსვლელებს ანტიუკრაინული, ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდათ.
„მინდა შევეხო თქვენ მიერ ორგანიზებულ „დიდ“ აქციას. ერთი ოცნება გქონდათ, ნეტა წვიმა წამოსულიყო და იმაზე გადაგებრალებინათ, რომ აქცია ვერ შედგა, მაგრამ ღმერთმა ამაზეც არ შეგაშველათ ხელი. ამ აქციას, რომელსაც სიმბოლურად ერქვა სახელი „მოვდივართ“, მისი ნამდვილი სახელი იყო „მივდივართ“, ამ აქციით გამოჩნდა, რომ მიდიხართ პოლიტიკურ მოუსავლეთში და თქვენი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეშია, ვინაიდან, ამ აქციაზე ვიხილეთ დიდი სანაგვე. ადამიანებს არ ვეხები, ვეხები მის ორგანიზატორებს ანუ თქვენ, თქვენს ფარულ იარაღს, სათადარიგო რეზერვს, ადამიანებს, რომლებიც ნაფტალინით დაკონსერვებული რეზერვებიდან ამოქაჩეთ, იდეებისა და პერსონების სახით. რა გამომსვლელები იყვნენ - რა მსმელები, რა მჭამელები, რა სიტყვის მთქმელები. სიტყვის საძებრად შორს რომ არ მიდიოდნენ. პირდაპირ გადმოიღეს თებერვალში პუტინის გამოსვლა რუსეთის სახელმწიფო დუმაში. არცერთი თეზისი არ დაუკლიათ - ევროპის და ამერიკის ძაგება; ლგბტ და სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის საკითხები; ის, რომ თურმე დასავლეთი ჩვენს მართლმადიდებლურ მორალს ანადგურებს. ერთმა სულელმა ისიც კი თქვა, სუვერენული ეკონომიკა გვინდაო. პუტინმა სუვერენული დემოკრატია ახსენა. სუვერენულ დემოკრატიაში რუსეთი გულისხმობს შეკრეჭილ, ფაქტობრივად რუსულ დემოკრატიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან. ესეც ვერ გაიგეს, კარგად ვერ წაიკითხეს პუტინის გამოსვლა. სუვერენული ეკონომიკაო - დაგვანებოს დასავლეთმა თავი, გინდ ირანთან ვივაჭრებთ, გინდ რუსეთთანო. სინამდვილეში, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური „მესიჯი“ იყო - რუსეთს სანქციებს ნუ ადებთ, გვავაჭრეთ ჩვენს მეზობელთანო.
თქვენ მიერ ორგანიზებული მიტინგი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გუშინდელი დღე კი არ ხართ იმ ადამიანების სახით, არამედ გუშინდელი საუკუნე. რაც ბნელი და შავი შეიძლება ყოფილიყო, ყველაფერი ამ მიტინგზე გამოჩნდა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
გარდა ამისა, რომან გოცირიძემ სიტყვით გამოსავლისას სასამართლო საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არცერთ საკითხზე საგამოძიებო კომისიას არ შექმნის, რადგან „ნებისმიერი კომისია მათი მხილების ინსტრუმენტია“.
„დემაგოგიურად გაიძახით - სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიას არ შევქმნითო. გგონიათ, რომ ამით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას იცავთ, მაშინ გვითხარით - რასთან დაკავშირებით შექმნით კომისიას? ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით შექმნით? არასდროს არ შექმნით, რადგან თქვენ ხართ ევროპელი პენსიონერების ძარცვის მთავარი ორგანიზატორები. თუ გნებავთ ამ კომისიის შექმნა, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ მონდომებულები იმის გამო, რომ ერთ-ერთ დეპუტატს ედება ბრალად ქოლ-ცენტრების ორგანიზება. გვითხარით, რა საკითხზე დაუჭერთ კომისიის შექმნას მხარს - საყდრისზე? გელათზე? კორუფციაზე? დაადეთ ხელი საკითხს და თქვით, რომ ამ კომისიას შევქმნით. არაფერს არ შექმნით, კიდევ დაარღვევთ კონსტიტუციას იმიტომ, რომ ნებისმიერი კომისია თქვენი მხილების ინსტრუმენტია, მაგრამ თქვენ ისედაც, კომისიის გარეშეც მხილებული ხართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.