ბატონო შალვა, როდის ველოდოთ პოლიტიკური განცხადებების აკრძალვას და მიკროფონების ჩამორთმევას პარლამენტში? ეს კითხვა არც ისე რიტორიკულია, რადგან ერთადერთი, რასაც ეს ნაბიჯები ემსახურება კომისიებთან მიმართებით, არის დარღვევა კონსტიტუციის და რეგლამენტის, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლით იქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის საკითხს, არამედ ნებისმიერ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს მმართველ პარტიას.
საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თავად ბექა ლილუაშვილმა აღნიშნული პოლიტიკური განცხადება რეგლამენტის დარღვევით გააკეთა.
„ბატონო ბექა, რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, თქვენ ახლა რეგლამენტის დარღვევით გააკეთეთ ეს განცხადება. პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყოფილია ჯამში ერთი საათი, სხდომის დაწყებიდან გავიდა საათნახევარი. ჩათვალეთ, რომ თქვენ რეგლამენტის დარღვევით მოგეცით საშუალება, რომ პოლიტიკური განცხადება გაგეკეთებინათ. ეს, რაც შეეხება რეგლამენტს და რეგლამენტის დარღვევა - არ დარღვევის საკითხს. თქვენ შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევას გაპატიებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება თავად ლილუაშვილის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას, მან საპარლამენტო უმრავლესობას კითხვით მიმართა: „რაში უცვლის საკუთარი თავის ჩიხში შეყვანას, ან მოსამართლეებს, ან კეზერაშვილს?“
„ბოლოს და ბოლოს ვის ინტერესებს იცავთ - „ნაცმოძრაობის“ მოსამართლეების, კეზერაშვილის, ივანიშვილის თუ ხალხის? რა დევს სავაჭროდ მაგიდაზე, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ?
თქვენ კრებსითად ხელისუფლებას თუ არაფერი გაქვთ დასამალი, თუ ვინმეს მიერ ნაშოვნ მილიონებს არ ეფარებით, არ იცავთ, არანაირი ლოგიკური ან სამართლებრივი არგუმენტები არ გაქვთ, რომ არ შექმნათ კომისია. როდესაც პარლამენტში ოპოზიციას მმართველი პარტია ართმევს კანონით მინიჭებულ უფლებას, არღვევს კონსტიტუციას, რომ პირდაპირ თუ ირიბად საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ვინ უნდა დაიჯეროს, მაგალითად, თქვენი შესრულებული რეკომენდაციების? მოქმედ კანონს და კონსტიტუციას თუ არღვევთ პირდაპირ, თქვენ დაწერთ ახალ, ქმედუნარიან კანონს სასამართლოზე ან არჩევნებზე? რომც დაწეროთ, ვის უნდა დააჯეროთ, რომ გაქვთ პოლიტიკური ნება, დაიცვათ ეს კანონები? რა ფასი აქვს, თქვენი მმართველობის პირობებში, სამართლიანობის აღსრულებას ან სამართლიანობის გარანტად თქვენს ყოფნას, როდესაც კორუფციაში მხილებულ მოსამართლეებს ფარად ეფარებით?“ - განაცხადა ლილუაშვილმა.