„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ე.წ თაღლითური „ქოლ-ცენტრები" იღებენ მითითებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ე.წ თაღლითური "ქოლ - ცენტრები" იღებენ მითითებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები.

ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ოფისში პარტიის წევრებმა - ვასო ურუშაძემ და ლაშა ტყეშელაძემ ბრიფინგი გამართეს. ისინი ტრანსნაციონალური დანაშაულის, ე.წ თაღლითური "ქოლ - ცენტრების" მფარველების გამოაშკარავებას და დაკავებას ითხოვენ.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი და გრიგოლ ლილუაშვილის დაჯგუფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავებულია ტრანსნაციონალური დანაშაულის გადამალვით. კერძოდ, ე.წ "ქოლ - ცენტრები" იღებენ მითითებებს, რომ სასწრაფოდ შეიცვალონ მისამართები და გადავიდნენ მრავალსართულიან შენობებში, სადაც არის მაღალი დაცულობა, ესენი შეიძლება იყოს საცხოვრებელი ან ე.წ ბიზნესცენტრები. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ჩვენ „ანტიკორუფციული მოძრაობა“ საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფები ვფლობთ არაერთ მისამართს, სადაც არის განთავსებული ე.წ თაღლითური ქოლცენტრი და მათ ეშინიათ, ეშინიათ ჩვენი მოქმედებების, ჩვენი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტური პროცესების, ეშინიათ პარლამენტში მიმდინარე მოვლენების, სადაც საუბარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მათ ეშინიათ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფების, რომლებიც სავარაუდოდ კვლავ იმყოფებიან საქართველოში და ცდილობენ მაქსიმალურად გადამალონ ეს დანაშაული, თუმცა ჩვენ გავიგებთ ყველა იმ მისამართს, რომელ მისამართზეც იქნება გადასული ე.წ თაღლითური ქოლცენტრები, ვამხელთ მათ მფარველებს. ქვეყანა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ევროკავშირში ინტეგრაცია, წარმოუდგენელია ამავდროულად იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ცენტრი. მფარველობის გარეშე ამ დანაშაულის არსებობა არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პროკურატურისთვის წერილობით მიმართვისა, არც ერთხელ გამოძიება არ დაწყებულა. მისივე თქმით, აუცილებელია პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოააშკარავებს ე.წ თაღლითური "ქოლ - ცენტრების" მფარველებს.

„მნიშვნელოვანია საპარლამენტო კომისიის შექმნა და პირველ რიგში მფარველების იდენტიფიცირება და მათი დასჯა. ჩვენ ერთ წელზე მეტია დაკავებულები ვართ საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულის მხილებით, ვიყავით არაერთ მისამართზე, მოხდა იდენტიფიცირება ე.წ თაღლითური ქოლცენტრის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ წერილობითაც მივმართავდით პროკურატურას დაწყებულიყო გამოძიება მფარველობის ნაწილში, არც ერთხელ საქართველოს პროკურატურამ ეს გამოძიება არ დაიწყო და ჩვენი მოქმედებები დარჩა რეაგირების გარეშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პარლამენტში შეიქმნას ე.წ საგამოძიებო კომისია, რომელიც ამხელს მფარველებს და საქართველოში აღიკვეთება ტრანსნაციონალური დანაშაული“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ლაშა ტყეშელაძის განცხადებით კი, პროკურატურამ დაიჭირა მხოლოდ დაბალი რგოლის წარმომადგენლები, რომლებიც გირაოთი გაათავისუფლეს, მფარველები კი ისევ არ არიან გამოვლენილები.

„აღნიშნული დანაშაული არის უმძიმესი ტრანსნაციონალური დანაშაული. აუცილებელია გამოვლენილი იქნან მფარველები. დღეს პროკურატურა გამოდის და ამაყობს, რომ თითქოს ვიღაცები დააკავა, თუმცა ეს ადამიანები არიან ყველაზე დაბალი რგოლი, რომელიც გამოშვებულები არიან გირაოთი და გაუფორმეს საპროცესო ხელშეკრულება. ჩვენ მოვითხოვთ და აუცილებელია დაკავებულები და გამოვლენილები იყვნენ მფარველები. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავცემთ არსებულ ყველა დოკუმენტს. ქედან გამომდინარე, აუცილებელია დაკავებული და გამოვლენილი იყოს ყველა მფარველი“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს