საქპატენტი და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) თანამშრომლობის შედეგებს შეაჯამებენ

ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) სრულდება.

საქპატენტის ინფორმაციით, პროექტი, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას.

„სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად მონაწილეობენ EUIPO -ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის სამსახურის დირექტორი სანდრის ლაგანოვსკისი, EUIPO -ს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის უფროსი იგნასიო დე მადრანო, EUGIPP პროექტის ხელმძღვანელი მარტინ მარიანოვი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ასევე საქპატენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პროექტის ექსპერტები და ბენეფიციარები.

შეხვედრაზე იმსჯელებენ პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. EUGIPP პროექტი 2020 წლიდან მიმდინარეობს და 2023 წლის ივნისში დასრულდება. პროექტის მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“.

პროექტის მუშაობის განმავლობაში სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა აქტივობები, რომლებიც მოიცავს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულების ეფექტიანი სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ამუშავდა პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ექსპერტიზის დახვეწას, ევროკავშირის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან ჰარმონიზებას. ამ კომპონენტის ფარგლებში გადამზადდნენ საქპატენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ექსპერტიზის პროცესში. მათ გაიზიარეს EUIPO -ს ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება, რის საფუძველზეც უნდა უზრუნველყონ ჩატარებული ექსპერტიზის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, შემუშავდა დიზაინის და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის სახელმძღვანელო, ასევე განხორციელდა სასაქონლო ნიშნების საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი და მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი.

მნიშვნელოვანია, რომ საქპატენტის ხარისხის მართვის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის, მისი საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირების მიზნით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შესაბამისი პროცედურების იდენტიფიცირება და ანალიზი. ყურადღება გამახვილდა, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ახალი სერვისების დანერგვის ხელშეწყობაზე, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია დარგის განვითარებისთვის. ამ მიზნით მოეწყო სხვადასხვა აქტივობები ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების განვითარების მიმართულებით.

საყურადღებოა, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების პოლიტიკისა და სტრატეგიის განახლების, გამჭვირვალობისა და სამართლიანი აღსრულების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მომზადდა უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი, ასევე შემუშავდა გზამკვლევები აღსრულების ორგანოებისთვის, ქართულ ენაზე გამოიცა ევროკავშირის საერთო სასამართლოს, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებების კრებული. გარდა ამისა, აღსრულების უწყებების ქართველი და ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა ფორუმი, სემინარები და ტრენინგები, სადაც ქართველმა მოსამართლეებმა გაიზიარეს ევროპის სასამართლოების საუკეთესო პრაქტიკა. ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. განხორციელდა ასევე ევროკავშირის IP უწყებებისა და საქპატენტის სააპელაციო პალატის შედარებითი ანალიზი, რომლის საფუძველზე შეიქმნა საქპატენტის სტატუსისა და სტრუქტურის სტანდარტიზაციის სარეკომენდაციო დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო განათლებაში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების დანერგვის მიზნით, სწავლების მეთოდოლოგიაში გადამზადდნენ მასწავლებლები. გადამზადების პროგრამა მოიცავდა ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლების შესწავლასა და პრაქტიკულ მეცადინეობებს. გარდა ამისა, მასწავლებლებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში შემუშავებული და ქართულ ენაზე გამოცემული გაკვეთილების გეგმები, წიგნები, ბროშურები და სამაგიდო თამაშები. სულ გადამზადდა 28 სკოლის 108 მასწავლებელი, რომლებმაც 2700 მოსწავლეს ჩაუტარეს 950 გაკვეთილი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, პროექტის მონაცემებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაუმჯობესებისა და მოდერნიზების მიზნით, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დასაქმებული დარგობრივი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, ასევე უფლებების აღმასრულებლებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, ჩატარდა 60-ზე მეტი ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრო 1000-ზე მეტი სფეროთი დაინტერესებული პირი და გამოიცა ვებინარების, ონლაინ კურსების მიხედვით შედგენილი 300-ზე მეტი სასწავლო შინაარსის ბეჭდური მასალა.

დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებსა და ამოცანებზე, რომლებიც გამოიკვეთა ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულების პროცესში. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის და ამ მიმართულებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, რაც ხაზს გაუსვამს საქართველოს მხარდაჭერას ინტელექტუალური საკუთრების დარგის განვითარების საქმეში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს