"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის საკითხზე პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ივლისის თვეში გაკეთებული განცხადება კონკრეტულ ვადას შეეხებოდა და ბარიერის დაწევის კონტექსტში საუბარი გასული წლის დეკემბერზე იყო.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის წევრობის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს, დამტკიცდება თუ არა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, მდინარაძემ განაცხადა, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“ამ კონკრეტული ვადის მიღმა, რას ვიზამთ და რას არა, ამაზე პასუხი მხოლოდ ერთმა ადამიანმა არ უნდა გაგცეთ, რადგან ეს გუნდური გადაწყვეტილების საფუძველია. გუნდურ გადაწყვეტილებას მივიღებთ თუ არა, ეს მეორე საკითხია. დღეს კონსტიტუციით 5%-იანი საარჩევნო ბარიერია და ამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსით როგორი მოხდება, მე ეს არ ვიცი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
საარჩევნო ბარიერზე საუბრისას მდინარაძემ ისიც განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოებში 3%-დან 5%-მდე ბარიერი ყველაზე ოპტიმალურ ბარიერად მიიჩნევენ, რადგან ერთი მხრივ, სხვადასხვა რისკებს გამორიცხავს, მეორე მხრივ, პოლიტიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს.
“ევროპულ ქვეყნებშიც მიიჩნევა, რომ 5%-იანი ბარიერი დემოკრატიული სისტემებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული გადაწყვეტაა. საქართველოს მაგალითზე ძალიან უცნაური ამბავი ხდება, რადგან 5% ბარიერზე ძალიან ბევრს არ საუბრობენ. ჩვენ NDI-ის და IRI-ის კვლევებს ვხედავთ, სადაც თითქოს პოლიტიკურ ველზე არის ყამირი მიწის გამოჩენის მცდელობა გაერთიანებისკენ “ლელოს“ მაგვარ და დესტრუქციულ, რადიკალურ, ბოლშევიკურ “ტროიკას“ უბიძგონ. თითქოს მათი გაერთიანება რაღაც ახალი ძალების ერთობაა, რომელიც საქართველოში მესამე ძალას შექმნის.
წარმოიდგინეთ “ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესი “ნაციონალური მოძრაობა“ რომ არის იქიდან რაღაც ახალი ძალა გვიანონსდება. არ მგონია, რომ შედეგთან მიმართებაში რაიმე რეალურ გეგმაზე ზრუნავდნენ. ამის ილუზიით ისინი 5%-იან ბარიერს ძალიან არ ურტყამენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გასული წლის ივლისში ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები გაატაროს და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5%-დან 2%-მდე დაწიოს, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
"დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.